დეგნანი: ჩვენ ვართ საქართველოს, უკრაინის და ევროპელების გვერდით

“ჩვენ ვართ საქართველოს, უკრაინის და ევროპელების გვერდით, როდესაც რუსეთი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ევროპულ უსაფრთხოებას. მნიშვნელოვანია, საქართველოდან ვთქვა, რომ ძალა ერთობაშია”, – ეს განცხადება აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

“ქვეყნებს აქვთ სუვერენული უფლება, თავად აირჩიონ პოლიტიკური თუ ეკონომიკური პარტნიორები. ამ ფუნდამენტურ პრინციპს არ შევცვლით და არ დავაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ. საქართველოს გადასაწყვეტია ვისი პარტნიორი იქნება და წლების განმავლობაში, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მომხრეა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის. ესაა არჩევანი, რომელიც ქართველებმა გააკეთეს და რომელსაც ბევრი უჭერს მხარს. შეერთებული შტატები ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და სრულად უჭერს ქართველი ხალხის არჩევანს მხარს”, – თქვა კელი დეგნანმა.

სიტყვით გამოსვლისას ელჩმა რუსეთთან დამოკიდებულებაზეც გაამახვილა ყურადღება.

“ჩვენ არ მოვილაპარაკებთ ევროპაზე ევროპის გარეშე, ნატო-ზე ნატო-ს გარეშე, უკრაინაზე უკრაინის გარეშე და საქართველოზე საქართველოს გარეშე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთი ცდილობს, გაყოს ალიანსი, გაყოს ევროპელები და ამერიკელები. ჩვენ კი ვნახეთ, რომ ძალა ერთობაშია”, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე: იანვრის ბოლოს, თებერვლის პირველ დეკადაში პიკში შევალთ
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის სტუდენტურ პროგრამა „ლიდერატორზე“ მიღება დაიწყო