დავით სერგეენკო – C ჰეპატიტის პროგრამის მიმდინარეობისას არც ერთი პაციენტი არ დაზარალებულა და პარტნიორების შეფასებით, საქართველომ ჰეპატიტთან ბრძოლის სანიმუშო ცენტრის წოდება მიიღო

C ჰეპატიტის პროგრამის მიმდინარეობისას არც ერთი პაციენტი არ დაზარალებულა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

დავით სერგეენკოს თქმით, პოლიტიკური სპეკულაციები აუდიტის დასკვნასთან დაკავშრებით სრულიად უსაფუძვლოა.
„რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა აუდიტის დასკვნა, სადაც აღწერილია, რომ 2018 წელს ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი გახდა უვარგისი. ამას მოჰყვა გარკვეული პოლიტიკური სპეკულაციები და გამომდინარე იქიდან, რომ მე იმ პერიოდში ვმსახურობდი ჯანდაცვის მინისტრად, ვალდებულად ჩავთვალე თავი, გამეკეთებინა განმარტებები, რათა საზოგადოებაში არ დარჩეს არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა.
დაზარალდა თუ არა თუნდაც ერთი პაციენტი ამით – არა, რადგან, განსხვავებით 2015-16 წლებისაგან, როდესაც პაციენტების მხრიდან მოთხოვნა ამ პროგრამაში ჩართვაზე უფრო მაღალი იყო, ვიდრე პროგრამის შესაძლებლობები, 2018 წელს ჩვენ გვიწევდა უფრო პროაქტიულად ძებნა – პაციენტების ამ პროგრამაში ჩასართავად.

მკურნალობდნენ თუ არა იმ პერიოდში პაციენტები ვადაგასული წამლით – არავითარ შემთხვევაში. ამ პერიოდში ჩვენ შემოსული გვქონდა ახალი პარტია ამ მედიკამენტის, რომელიც იყო ვადიანი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისი თქმით, პროგრამის წარმატებით მიმდინარეობისთვის 2019 წლის აპრილში, ვენაში, ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე, ყველა პარტნიორის ჩართულობით საქართველომ, როგორც ქვეყანამ მიიღო ჰეპატიტთან ბრძოლის სანიმუშო ცენტრის წოდება.

„რაც შეეხება იმას, იცოდნენ თუ არა ამის შესახებ პარტნიორებმა და თუ იცოდნენ, რა რეაქცია მოყვა ნახევარი მილიარდი ლარის მედიკამენტის გაუვარგისებას – რა თქმა უნდა, მიამიტობაა იმაზე ფიქრი, რომ ასეთი მასშტაბის პროექტი პარტნიორებთან უწყვეტი კომუნიკაციის გარეშე ტარდება. მათ რა თქმა უნდა, იცოდნენ ამის შესახებ. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია, შეთავაზება, რომ სხვა ქვეყნისთვის გადაგვეცა ეს ნაწილი დონაციის სახით, რადგან ვერ ხდებოდა იმ პერიოდში ათვისება, თუმცა მათ ხაზი გაუსვეს, რომ ეს არის მხოლოდ საქართველოს ექსკლუზივი – მედიკამენტი უფასოდ აქვს მხოლოდ საქართველოს.
რა რეაქცია მოჰყვა მათგან ამას. ამ მოვლენებიდან 1 წლის თავზე, 2019 წლის აპრილში, ვენაში, ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე, ყველა პარტნიორის ჩართულობით საქართველომ, როგორც ქვეყანამ მიიღო ჰეპატიტთან ბრძოლის სანიმუშო ცენტრის წოდება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი შონია – შს მინისტრობისას გიორგი გახარიამ გარდამტეხი რეფორმები განახორციელა
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო – მედიკამენტის მარაგები მთელი საქართველოს მასშტაბით, არა თუ ერთი ფლაკონის, ერთი ტაბლეტის სიზუსტით იყო დაბალანსებული