დავით ჯანდიერი: მართლმსაჯულების სისტემაში სიტუაცია პრობლემურია

„პაატა ბურჭულაძის – საქართველოს განვითარების ფონდის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ჯანდიერი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშს ეხმაურება.

ჯანდიერის განცხადებით, დოკუმენტი კიდევ ერთი დასტურია იმ ფაქტისა, რომ საქართველოს მეგობარი ქვეყნებიც სამოქალაქო საზოგადობასთან და რიგით მოქალაქეებთან ერთად ერთიან აზრზე არიან, რომ ქართულ მართლმსაჯულების სისტემაში სიტუაცია მნიშვნელოვნად პრობლემურია.

”დღეს ქართული საზოგადოება სამწუხარო რეალობის წინაშე დგას. ხელისუფლების გარდა ყველა – რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს მეგობარი ქვეყნები ერთიანი ვართ იმ აზრის ირგვლივ, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემაში სიტუაცია მნიშვნელოვნად პრობლემურია, რაც დასავლურ სამყაროში ამყარებს აზრს, რომ საქართველოში არასრულფასოვანი დემოკრატიაა, ეს ფაქტი კი პარტნიორების მხრიდან აჩენს უნდობლობას ქვეყნის მიმართ, რაც პირდაპირი შემაფერხებელი ფაქტორია ქვეყნის განვითარების და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი ინტეგრაციის გზაზე”, – განაცხადა ჯანდიერმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების შეფასებებისგან განსხვავებით, დოკუმენტში საუბარია მნიშვნელოვან ხარვეზებზე მართლმსაჯულებაში, მათ შორის ზეწოლაზე საქმეების შერჩევისას, საეჭვო სასამართლო დანიშვნებსა და სხვა.

”ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ სასამართლო სისტემა საჭიროებს თანმიმდევრული, გონივრული, სამართლის უზენაესობის პრინციპებზე დაფუძნებული ხედვით რეფორმების განხორციელებას, რისი პოლიტიკური ნება და კვალიფიკაციაც დღევანდელ მთავრობას არ აქვს”, – განაცხადა დავით ჯანდიერმა.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო: თამბაქოს მოწევაზე რეგულაციები უახლოეს მომავალში ამოქმედდება
შემდეგი სტატიაგოგონამ პუტინი ერდორანსა და პოროშენკოზე შეკითხვით უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა