დავით ჭიჭინაძე:იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე ფიქრობს, რომ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

ამასთან, როგორც ჟურნალისტებს ჭიჭინაძემ განუცხადა, მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები შეთანხმებულია, რაზეც აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუმცა პრემიერ-მინისტრის არგუმენტები უმრავლესობამ გაიზიარა.

დეპუტატის ცნობით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სოციალური ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროში გადავა, ნაწილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო სამინისტროს აპარატში, ნაწილი კი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდება.

ჭიჭინაძის განცხადებით, განათლებისა და კულტურის სამინისტროების შერწყმამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

„ახალი მინისტრების ვინაობა ჩვენც გვაინტერესებს, თუმცა ერთდროულად ამდენი ინფორმაცია უნდა გადახარშო და სიახლეებს ნელ-ნელა გვაწვდიან. რაც შეეხება წულუკიანს, როცა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა, მას წულუკიანმა შეცდომებზე მიუთითა, ამიტომ თუ მინისტრის პოსტს დატოვებს, „ქართულ ოცნებასაც“ შეცდომებზე უკეთესად მიუთითებს. როცა თავისუფალი იქნება, მეტი საშუალება ექნება საუბრის“, – აცხადებს  ჭიჭინაძე.

სამინისტროების რაოდენობის შემცირება მცირე მთავრობის კონცეფციის თანახმად იგეგმება, რომელთან დაკავშირებითაც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის რამდენიმე კონსულტაცია უკვე გაიმართა. „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს 23 ივნისსაც შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა, მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებები განიხილეს.

წყარო: პირველი არხი

banner
წინა სტატიაშიიუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროები და ერთ უწყებად გაერთიანდება
შემდეგი სტატიაოლეგ გოვორუნი ხელახლა დაინიშნა აგრეთვე სოხუმის და ცხინვალის რეჟიმებთან თანამშრომლობის საკითხებში სამმართველოს უფროსად