ჩვენ თეორიულადაც არ ვუშვებთ რიგგარეშე არჩევნებს და ეს ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნას, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, მმართველი გუნდი თეორიულადაც კი არ უშვებს. ამის შესახებ მან “ღამის კურიერში” ისაუბრა.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ რიგგარეშე არჩევნებზე ოპოზიციამ აღარ ისაუბროს, მომდევნო არჩევნებთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ჩანაწერი შეიცვლება:

“ჩვენ თეორიულადაც არ ვუშვებთ რიგგარეშე არჩევნებს და ეს ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის. კონსტიტუციაში მომდევნო არჩევნებთან დაკავშირებით ჩანაწერი შეიცვლება და ჩაიწერება, რომ ბარიერი ამოქმედდება 2024 წლიდან, ამ შემთხვევაში კი, საერთოდ ეკარგება აზრი თეორიულადაც კი რიგგარეშე არჩევნებს. ჩვენ კი, იმისათვის, რომ თეორიული საბაბიც არ დავუტოვოთ ოპოზიციას იმისათვის, რომ რიგგარეშე არჩევნებზე ისაუბრონ, ამიტომ მნიშვნელოვანია ის, რომ საერთოდ არ შეეხოს კონსტიტუციური ჩანაწერი რიგგარეშე არჩევნებს.

რიგგარეშე არჩევნები რომც ჩატარდეს თეორიულად, ამ შემთხვევაში ეს ჩატარდება იგივე სისტემით, რაც 2020 წელს გვქონდა 1%-იანი ბარიერით, ამ შემთხვევაში კი, ეს პარლამენტი აირჩევა 2 წლის ვადით. 2022 წელს რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, 2024 წლამდე ექნება მას უფლებამოსილების ვადა. იგივე სისტემით არჩეული 2 წლიანი პარლამენტი კი, ბუნებრივია არავისთვის არ იქნება საინტერესო, მათ შორის არც ოპოზიციისთვის,” – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის თქმით, იმისთვის, რომ მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კეთილი ნება გამოიჩინოს, საჭიროა ოპოზიციამ თანამშრომლობის სურვილში დაარწმუნოს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ “ღამის კურიერის” ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” კატეგორიულად არ ეთანხმება ოპოზიციის მესიჯს, რომ ისინი საპარლამენტო ცხოვრებაში მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის დროს ჩაერთვებიან:

“საჭიროა, რომ ოპოზიციური პარტიები დასხდნენ პარლამენტში და მათ უნდა აჩვენონ განგრძობითად რაღაც რაციონალური პერიოდის განმავლობაში, რომ მათ სურთ ჩაერთონ საპარლამენტო და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ ყველაფერს სჭირდება დამტკიცება. მათ უნდა შეცვალონ თავისი დღის წესრიგი, რიტორიკა, უნდა თქვან უარი რევოლუციაზე, რიგგარეშე არჩევნებზე, აქციებზე, როგორი მცირერიცხოვანიც არ უნდა იყოს ეს ყველაფერი.

ამის შემდეგ უნდა ჩაერთონ საპარლამენტო ცხოვრებაში და დავუკვირდეთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მათი მესიჯი იყო, რომ ისინი არ აპირებდნენ ჩართვას საპარლამენტო ცხოვრებაში, ერთადერთი, რაშიც მიიღებდნენ მონაწილეობას, ეს არის კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, – “დიდი ბოდიში!” – არის ჩვენი პასუხი ამაზე,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიბლინკენი ლავროვთან უკრაინის და საქარველოს სუვერენიტეტის საკითხს დააყენებს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემას გამორიცხავს