ცესკო-მ კოვიდინფიცირებული პირების არჩევნებში მონაწილეობის საკითხი განიხილა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საკარანტინო ზონებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების, ასევე სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებული კოვიდინფიცირებული პირების ხმის მიცემისა და არჩევნებში მონაწილეობის საკითხი განიხილეს.

ცესკო-ს ინიციატივით შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დღეს გაიმართა. შეხვედრა ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გახსნა. მან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა შეხვედრის მონაწილეებს საკარანტინო ზონებთან მიმართებაში და ასევე სამედიცინო დაწესებულებებთან დაკავშირებით, სადაც კოვიდინფიცირებულები არიან განთავსებული. ცესკო-ს თავმჯდომარემ ისაუბრა იმ რეკომენდაციებზე, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელი იქნება ზემოაღნიშნულ სივრცეებში საარჩევნო პროცედურების ორგანიზებისთვის და ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზეც.

თამარ ჟვანიას თქმით, მნიშვნელოვანია, საკარანტინო ზონებში მყოფი და კოვიდინფიცირებული პირების კონსტიტუციური უფლების განხორციელების მაქსიმალური ხელშეწყობა. შეხვედრაზე საკუთარი მოსაზრებები ამ მიმართულებით, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციების, ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმაც დააფიქსირეს.

საკარანტინო ზონებში მყოფი და კოვიდინფიცირებული პირების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე უახლოეს დღეებში სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება, სადაც მხარეები შესაბამისი დადგენილების პროექტს დეტალურად განიხილავენ.

სპეციალურ სამუშაო ჯგუფში ჩართული არიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე უკვე შეიმუშავა და დადგენილებით მიიღო კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე – ჩვენი დევიზია მეტი ფული, შემოსავალი და კეთილდღეობა ხალხს
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი – “ფარულ ჩანაწერებს ახორციელებდნენ მწამებლები სააკაშვილი და ბოკერია!”