ბერლინში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იწყება

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 22, 2017 10:21

ბერლინში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იწყება

ბერლინში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იწყება.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის წევრები, ვენეციის კომისიის მდივანი თომას მარკერტი და ექსპერტები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კონსტიტუციურ კანონის პროექტზე იმსჯელებენ.

მმართველი გუნდი მნიშვნელოვან შენიშვნებს არ ელოდება. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით კი, თუ იქნება კონკრეტული კრიტიკული შენიშვნა, შესაბამისი ცვლილება აღარ განხორციელდება.

„რაიმე კონკრეტულ კრიტიკულ შენიშვნას ვენეციის კომისიისგან არ ველით, თუმცა არის საკითხები, რომელთა გარშემო იქნება დისკუსია ამ დღეების განმავლობაში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ საბოლოო ჯამში, ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება დადებითი, მათ შორის, ყველა საკითხთან მიმართებით, მაგრამ თუ იქნება რაიმე კონკრეტული შენიშვნა უარყოფით კონტექსტში, ჩვენ ასეთი ცვლილების განხორციელებაზე ვამბობთ უარს. ეს წინასწარვე დავაანონსეთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი განსაკუთრებულად კრიტიკულ შენიშვნებს არ ელოდება მანდატების გადანაწილების მოდელთან დაკავშირებითაც.

„ამ დღეების განმავლობაში ჩვენს მიერ გაცხადებული იქნება, თეორიულ რისკებს გამოვრიცხავთ და შესაბამისი ჩანაწერი გაჩნდება კონსტიტუციის პროექტში. აქედან გამომდინარე, ამ საკითხზე განსაკუთრებული კრიტიკა არ მგონია იყოს, თუმცა, თუ ასეთი იქნება, ბუნებრივია, განვიხილავთ შემდეგ სხვა წინადადებებსაც“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კონფერენციას, რომელიც 22-23 მაისს ბერლინში გაიმართება, მისასალმებელი სიტყვით ირაკლი კობახიძე, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის სამხრეთ კავკასიის დეპარტამენტის უფროსი დირკ შატშნაიდერი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსი მიხაელ ზიბერტი და ბონდის უნივერსიტეტის პროფესორი ვოლფგანგ ბაბეკი გახსნიან. გაიმართება დისკუსიაც.

კონფერენცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით იმართება და მას საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე, გიორგი კახიანი, გიორგი ლომია, სალომე სამადაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრებიან.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 22, 2017 10:21

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


37,521
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics