ბათუმში საპროტესტო აქციაზე დარჩენას 22:00 საათის მერეც აპირებენ

ბათუმში საპროტესტო აქციაზე დარჩენას 22:00 საათის მერეც აპირებენ.

ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის წევრის, მირდატ ქამადაძის თქმით, აქციები მშვიდობიანად გრძელდება, თუმცა, დემონსტრანტები არ აპირებენ, კომენდანტის საათს დაემორჩილონ.

“ყველამ იცის, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების მიმღებ არც ერთ ადამიანს გაუკეთებია განმარტება, რას ემსახურება ის. გუშინ 10 საათის შემდეგ თუ იყო გადაადგილება შესაძლებელი და შემდეგ მოქალაქეებს წყლის ჭავლი მიუშვირეს. დღეს გვეუბნებიან, რომ ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით, რომ დღეს ათი საათის შემდეგ ქუჩაში არ უნდა გამოვიდეთ. ამაზე დამორჩილებას მე არ ვაპირებ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ამ ქვეყანაში ადამიანები ცხოვრობდნენ თავისუფლად. თავიანთ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებში იყვნენ თავისუფლები, თუ არ არღვევენ მესამე პირის უფლებებს და ამაში არ ჩაერიოს არავინ.

მეტიც, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლება გარანტირებულია და მისი შეზღუდვა დაუშვებელია. შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს, ისიც პრეზიდენტის დეკრეტით. შესაბამისად, დღეს თუ პოლიცია დაიწყებს ვინმეს დაჯარიმებას, ეს იქნება არაკონსტიტუციური”. – თქვა ქამადაძემ.

აქციაზე რჩება ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძეც.

“მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას და ვრჩები მათთან ერთად”. – თქვა კუპრაძემ.

როგორც თბილისში, ისე ბათუმში ოპოზიცია და მოქალაქეები არჩევნების ცესკოს მიერ გაცხადებულ შედეგებს აპროტესტებენ და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ ზელენსკის კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაკეკელიძე ღამის აქციის მონაწილეებს: ბიბლიოთეკის კარი ღია იქნება თქვენთვის