აზერბაიჯანთან ჩაკეტილი საზღვრის გამო საქართველო ასეულობით მილიონ დოლარს ზარალობს

აზერბაიჯანთან დაკეტილი სახმელეთო საზღვრის გამო საქართველომ 1.5 მლნ ტურისტი და 400 მლნ დოლარი დაკარგა – ასეთია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შეფასება.

“გარკვეული პერიოდია [2020 წლის გაზაფხულიდან – რ.თ.], აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილია. ეს პირდაპირ ითარგმნება ციფრებში და მიუღებელ შემოსავლებში. მეტად მკაფიო რომ ვიყო, ვიტყოდი, რომ ამ ფაქტორის გამო ჩვენმა ქვეყანამ ფაქტობრივად დაკარგა 1.5 მლნ-ზე მეტი ტურისტი, რაც დაახლოებით 400 მლნ დოლარის ეკვივალენტია მიუღებელ შემოსავლებში. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა ის, რომ ჩვენი ტურისტული ნაკადების აღდგენა [2023 წელს] სრულად ვერ მოხდა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.

პანდემიის პრევენციის საბაბით 2 წლის წინ ჩაკეტილი სახმელეთო საზღვარი, აზერბაიჯანს დღემდე არცერთ მეზობელთან არ გაუხსნია.

თუკი 2019 წელს აზერბაიჯანი საქართველოში ვიზიტორებით ლიდერობდა და რუსეთს, თურქეთსა და სომხეთს უსწრებდა, შარშან ის მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა. საქართველოს ტურიზმში მეზობელ ქვეყნებს ტრადიციულად ყველაზე დიდი წილი უკავიათ.

განსხვავება ვიზიტორების რიცხვის ვარდნასა და მათ მიერ დახარჯული თანხის რაოდენობაში, გაზრდილ ინფლაციასაც უკავშირდება – ანუ საქართველოში ჩამოსულმა ტურისტებმა სავარაუდოდ უფრო მეტი დახარჯეს, ვიდრე ადრე დახარჯავდნენ.

„იმედს ვიტოვებთ, რომ [აზერბაიჯანის ხელისუფლების გადაწყვეტილება] მალე შეიცვლება. [რა არგუმენტი აქვს აზერბაიჯანის ხელისუფლების], ამ სიღრმეში ვერ შევალთ, მაგრამ სახმელეთო საზღვარი დაკეტილი აქვს ყველა მეზობელ ქვეყანასთან და საქართველო ერთადერთი არ არის“, – ამბობს მარიამ ქვრივიშვილი.

banner
წინა სტატიაშირუსეთში მოგზაურობა კატეგორიულად არ არის რეკომენდირებული – გერმანიის საგარეო
შემდეგი სტატიადაიბრუნეთ თანხის 30% შერჩეულ ობიექტებში თიბისი კონცეპტის მასტერქარდ ბარათით გადახდისას