“არანაირი ხუთდღიანი ომი არ ყოფილა, ომი დღე-ნახევარში დამთავრდა” – გოგა ხაინდრავა

region
ავტ.: region აგვისტო 8, 2019 15:25

“არანაირი ხუთდღიანი ომი არ ყოფილა, ომი დღე-ნახევარში დამთავრდა” – გოგა ხაინდრავა

არანაირი ხუთდღიანი ომი არ ყოფილა, ომი დღე-ნახევარში დამთავრდა – ამის შესახებ განცხადება, რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გააკეთა. როგორც ხაინდრავამ აღნიშნა, რუსეთის აგრესიის შედეგად 2008 წლის აგვისტოში საქართველომ დაკარგა 400-ზე მეტი ადამიანი, დაიჭრა და დასახიჩრდა უამრავი მშვიდობიანი მოსახლეობა და სამხედროები, ქვეყანამ დაკარგა 150 სოფელი და დღესაც საქართველოს ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ.

„რუსეთი არღვევს ყველანაირ საერთაშორისო შეთანხმებას, როგორც ჩვევია საუკუნეების მანძილზე და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთი აგრესიით იწყებს საუკუნეს. ეს იყო 1801 წელს, მერე 1921 წელს და 2008 წელს. ამიტომ ეს ტრაგედიაა იმ უამრავი ადამიანისთვის, ვინც იძულებული გახდა, დაეტოვებინა თავისი სახლ-კარი, სამშობლო და დღეს ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობენ. დაკარგეს შვილები, მამები, ძმები და მთელი ჩვენი საქართველოს მოქალაქისთვის, ვინც აქ ცხოვრობს. სამარცხვინოა, რადგან მთელმა მსოფლიომ იხილა ჩოქბჯენში მდგომი საქართველოს მხედართმთავარი და პრეზიდენტი, როგორ მიცუცხავდა საბრძოლო ველიდან. ამან განაპირობა ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო დამარცხება საქართველოს ისტორიაში. არანაირი ხუთდღიანი ომი არ ყოფილა. ომი მოხდა დღე-ნახევარში და დამთავრდა რეალურად. პრინციპში არანაირი წინააღმდეგობა საქართველოს ხელისუფლებასა და ხელმძღვანელობას არ გაუწევია, ცალკეული ჯგუფები, ათეულები, ასეულები მიტოვებული სააკაშვილის და მისი დამქაშების მიერ, ცხინვალის რეგიონში გმირულად იბრძოდნენ და ცდილობდნენ, შეეკავებინათ ის არმია, რომელიც მოდიოდა საქართველოსკენ. ამ ჯგუფების ვაჟკაცობაზე, თავდადებაზე გადავიდა ეს დღენახევარი.

დღე ნახევრის შემდეგ აღარც ერთი ქართველი ჯარისკაცი, გარდა ცალკეული პატარა ჯგუფებისა, ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე აღარ იყო და მეორე დანაშაული დაიწყო, რომლის სათავეში ასევე სააკაშვილი, სამარცხვინო კაცი იდგა და მისი ერთ-ერთი მსახური უტიაშვილი, რომელიც უტიფრად ყვიროდა და ატყუებდა მოსახლეობას, ხეობაში მცხოვრებლებს ცხინვალის რეგიონში, რომ ქართული ჯარი უტევს ჯავას, უტევს გუფთას და ა. შ. ამის გამო უამრავი ადამიანი არ გამოვიდა ხეობიდან, დარჩა თავის სახლებში და რა ბედი ეწია მათ ამაზე ცალკე ფილმსაც ვიღებ და წიგნსაც ვწერ, იქ წაიკითხავს მაყურებელი და მკითხველი, რა დააწიეს ადამიანებს იქ. უტიაშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე, ისევე, როგორც სააკაშვილი, ისევე, როგორც ბოკერია, ბარამიძე, ოქრუაშვილი, მერაბიშვილი და მთელი ეს დანაშაულებრივი ჯგუფი“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

region
ავტ.: region აგვისტო 8, 2019 15:25

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,150
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics