ამირან გამყრელიძე – რას ნიშნავს, რუსები ჩამოვლენ, ყველა კუთხე-კუნჭულში შევლენ, მათ ვთავაზობთ, ჩამოვიდნენ საერთაშორისო დელეგაციის შემადგენლობაში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დღევანდელ ონლაინპრესკონფერენციაზე გამოეხმუარა რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას, რომლის თანახმადაც, ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტს მაშინ ექნება აზრი, თუ რუსი ექსპერტები ლაბორატორიის ყველა შენობაში შესვლას შეძლებენ და წვდომა ექნებათ ყველა სასურველ დოკუმენტაციაზე.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, არ დაუშვებენ, რომ ჩამოვიდეს მხოლოდ რუსული დელეგაცია, არამედ მათ სთავაზობენ, ჩამოვიდნენ საერთაშორისო დელეგაციის შემადგენლობაში.

„უკვე 30 წელია, რაც საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და რუსეთი და მოსკოვი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი. ეს როგორმე ჩვენმა რუსმა კოლეგებმა უნდა გაითავისონ და შეეგუონ ამას. რას ნიშნავს, ჩამოვლენ და ყველა კუთხე კუნჭულში შევლენ და ა.შ. ისევე ჩამოვა რუსი, როგორც ჩამოდის სხვა ერის წარმომადგენელი ლუგარის ლაბორატორიაში. რამდენჯერმე მოვიწვიეთ რუსები, ოღონდ არა მარტო რუსები, ამას არ დავუშვებთ ჩვენ, რომ ჩამოვიდეს მხოლოდ რუსული დელეგაცია, ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ ჩამოვიდნენ საერთაშორისო დელეგაციის შემადგენლობაში.

ასეთი იყო ბოლო შეფასება 2018 წელს, უშუალოდ ლუგარის ლაბორატორიის, როდესდაც 17 ქვეყნის 25 ექსპერტი იყო. მაშინაც ჰქონდათ შეთავაზება მათ, რომ ჩამობრძანებულიყვნენ და უარი თქვეს. შარშან მთლიანად ჩვენი ეპიდზედამხედველობის სისტემა შეაფასა ცალკე ჯანმრთელობის მსფოლიო ორგანზიაციამ, ცალკე ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, ისე რომ, ნებისმიერ საერთაშორისო მისიებში რუსებს შეუძლიათ ჩამობრანდნენ და გაეცნონ.

ბევრჯერ არიან ნამყოფი რუსი ჟურნალისტები, რუსი მეცნიერები, ლუგარის ლაბორატორიაში, ნანახი აქვთ, რასაც ვაკეთებთ და რითიც ვართ დაკავებული“,- განაცხადა გამყრელიძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებულ განცხადებების რუსეთის მხრიდან პოლიტიკური სარჩული აქვს.

„ამიტომ ყველა ეს გამოხტომა, რაც ხდება, გუშინ, გუშინ წინ, დღეს და ეს განცხადებები, არის გარკვეული პერიოდულობით. ამ პერიდოულობას აქვს მხოლოდ პოლიტიკური სარჩული“,- დასძინა გამყრელიძემ.

რუსეთის საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტს მაშინ ექნება აზრი, თუ რუსი ექსპერტები ლაბორატორიის ყველა შენობაში შესვლას შეძლებენ და წვდომა ექნებათ ყველა სასურველ დოკუმენტაციაზე.

მათივე ცნობით, „მიუხედავად საქართველოს მთავრობის განცხადებებისა, რომ თავად აკონტროლებენ და აფინანსებენ ლაბორატორიის საქმიანობას, მასში მიმდინარე კვლევები აშშ-სთან და მის პარტნიორებთან არის აფილირებული, რაც კითხვებს ბადებს“.

banner
წინა სტატიაშიფოთსა და ქობულეთში, თიბისის მხარდაჭერით, „ბომონდის სამედიცინო საინვესტიციო ჯგუფის“ მიერ 2 მრავალპროფილური საავადმყოფო გაიხსნა
შემდეგი სტატიააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების პირველმა პირებმა საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხებისადმი მიძღვნილ ვიდეოკონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა