აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 6, 2020 15:45

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. როგორც ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვახო ხუზმიაშვილი აცხადებს, ტესტი ფაქტობრივად, მაუწყებლის ყველა თანამშრომელს აუღეს, მათ შორის მათ, ვისაც უშუალო შემხებლობა ინფიცირებულ თანამშრომელთან არ ჰქონია.

ხუზმიაშვილის განცხადებით, დღეს ჩანიშნულია საინფორმაციო სამსახურის თათბირი, სადაც გადაწყდება, როდის აღადგენს მუშაობას ტელევიზია, მანამდე კი ეთერში საქართველოს პირველი არხი იმაუწყებლებს.

„გუშინ მთელი დღის განმავლობაში ტარდებოდა ტესტები, არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა კოვიდინფექცია. მოგეხსენებათ, ზაფხულის თვეებია, ბევრი ადამიანი შვებულებაშიც იყო და ვინც მუშაობდა პრაქტიკულად ყველა გაიტესტა. თუ არ ვცდები, 10 ადამიანი კარანტინში არის ამ დროისათვის და რამდენიმე დღეში განმეორებით ჩაუტარდებათ ტესტირება. ვცდილობთ, აღვადგინოთ ეთერი და დღეს უკვე ჩანიშნული გვაქვს საინფორმაციო სამსახურის თთათბირი. ჩემი დიდი სურვილია, ხვალიდან აღვადგინოთ საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა. ალბათ, რამდენიმე ჯგუფად გადავნაწილდებით, რომ მოვახდინოთ ეთერში შესვლა. რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრე შესაბამის სამსახურებს და მომცეს რეკომენდაცია, რომ კარგი იქნება თუ რამდენიმე კლასტერად გადავხალისდებით სამსახურში, მაქსიმალურად იქნება უსაფრთხოების ზომები მიღებული და ამ შემთხვევაში შეგვიძლია, რომ აღვადგინოთ მუშაობა“, – განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა.

აჭარის ტელევიზიაში კორონავირუსის ერთი შემთხვევა 5 სექტემბერს დადასტურდა. ამ დროისთვის, აჭარის მაუწყებელი ჩაკეტილია და პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები მიმდინარეობს, ეთერში კი, საქართველოს პირველი არხის ტრანსლირება ხორციელდება.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 6, 2020 15:45