“26 მაისს გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთიან ინტერესშია”

„დემოკრატიული მოძრაობა“ საქართველოს ხელისუფლებას და მთავარ პროკურატურას, 2011 წლის 26 მაისის დარბევრის გამოუძიებლობაში ადანაშაულებს.

როგორც “დემოკრატიული მოძრაობის” განცხადებაშია აღნიშნული, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, დღემდე არ არის დადგენილი 26 მაისის ღამეს დაღუპული ადამიანების, მათ შორის პოლიციელის ვლადიმერ მასურაშვილის გარდაცვალების რეალური გარემოებები.

“მთელი ამ პერიოდის მანძილზე ჩვენ თავს ვიკავებდით, რომ ადეკვატურად გვეპასუხა შვილმკვდარი დედის, ქალბატონი ანა აზნაურაშვილის ცილისმწამებლური განცხადებებისათვის, თუმცა მან დღეს ყველანაირი ზნეობრივი და მორალური ზღვარი თავად გადალახა, როდესაც ღიად განაცხადა, რომ იცოდა ამ საქმეზე დაკავებული ადამიანის უდანაშაულობის შესახებ, მაგრამ ის მაინც უნდა მჯდარიყო ციხეში. ასევე, მასურაშვილის დედამ, დამ და ოჯახის წევრებმა დიდი კითხვის ნიშნები გააჩინეს ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც უარი თქვეს ჩვენს მიერ შეთავაზებულ დამოუკიდებელ გამოძიებაში მონაწილეობის მიღებაზე, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა რაც გამორიცხავდა ჩვენი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეჯახებას ადამიანზე. გარდა ამისა არსებობს უამრავი შეუსაბამობა საქმის მასალებში, რაც ცნობილია როგორც მასურაშვილის ოჯახის წევრებისათვის, ასევე მათი ადვოკატისათვის.”, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც “დემოკრატიულ მოძრაობაში” აცხადებენ, მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ ხელისუფლებამ რუსთაველზე წამებით მოკლა კვინტრაძე და ასათიანი, ხოლო შემდეგ მათი გვამები აიტანა მაღაზიის სახურავზე და დენის დარტყმით გარდაცვალების იმიტაცია შექმნა, უცნაურია, რატომ არ გაუჩნდა ეჭვი ქალბატონ ანა აზნაურაშვილს, რომ შესაძლებელია, მისი შვილიც წინასწარ დაწერილი სცენარით ყოფილიყო მოკლული ხელისუფლების მიერ.

“მით უფრო მაშინ, როდესაც ჩვენთან შეხვედრისას ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ ვლადიმერ მასურაშვილმა იცოდა რაღაც ისეთი, რის გამოც შეიძლებოდა ის მოეშორებინათ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ქალბატონი ანა აზნაურაშვილი დღემდე განაგრძობს ცილისმწაბელურ კამპანიას და შვილმკვდარი დედა უაპელაციოდ, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ცილს სწამებს უდანაშაულო ადამიანებს, რაც უკვე ღიად ადასტურებს მისი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიან ინტერესს. ის დღეს საკუთარი ოჯახის ტრაგედიასაც კი გასცდა და პოლიტიკური ბინძურ ცილისწამებაზე გადავიდა, როდესაც პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ „დემოკრატიულ მოძრაობას“ ფულის გადახდაში დასდო ბრალი. „დემოკრატიული მოძრაობა“ კიდევ ერთხელ მოითხოვს ხელისუფლებისაგან, რომელიც სწორედ 26 მაისს ჩვენი შეუპოვარი ბრძოლის შედეგადაა მოსული ხელისუფლებაში, გასცეს პასუხი საზოგადოებას, თუ რატომ არ არის დღემდე გამოძიებული 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი სადამსჯელო სპეცოპერაცია”, – ნათქვამია “დემოკრატიული მოძრაობის” განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე: მშობლებმა უნდა დალოცონ შვილები, რადგან მშობლის დალოცვა არის ღვთის დალოცვა
შემდეგი სტატიასაქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს