15-წლიან იპოთეკურ სესხს უცხოურ ვალუტაში ვეღარ აიღებთ – რას ემსახურება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 15-წლიანი სავალუტო იპოთეკური სესხები აკრძალა. ამით ეროვნული ბანკი აგრძელებს ლარიზაციის პოლიტიკას, რომელიც ქვეყანაში ლარის გამოყენების წილის გაზრდას და, შესაბამისად, სხვა ვალუტის წილის შემცირებას გულისხმობს.

კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანს, სოსო ბერიკაშვილს გადაწყვეტილების ცალსახად შეფასება უჭირს და ამბობს, რომ გადაწყვეტილება ლარიზაციის პოლიტიკის კონტექსტში უნდა განვიხილოთ. მისივე თქმით, თუ ლარიზაციის პოლიტიკა ისაა, რაც ქვეყნის ეკონომიკას სჭირდება, მაშინ ამ მიზნის მისაღწევად ეს საკმაოდ ხისტი და მკაცრი, თუმცა, შესაბამისი გადაწყვეტილებაა.

“ცოტა საკამათო გადაწყვეტილებაა, სესხის მაქსიმალური ვადის 10 წლამდე შემცირება, 15 წლიანი პერიოდის. მიზანი არის ლარიზაციის პოლიტიკის გაგრძელება, ეროვნული ბანკი აგრძელებს ვალუტაში სესხების შეზღუდვას. ეროვნული ბანკის მიზანია, ლარში იყოს ყველაფერი, იმიტომ, რომ შემდეგ უფრო მეტი ბერკეტი ექნება ხელში. რაც უფრო ნაკლები იქნება ვალუტის წილი სესხებში, ნაკლები რისკია ეროვნული ბანკისთვის. ლარიზაციის პოლიტიკას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, მაგრამ ეროვნული ბანკის ახსნა ის არის, რომ ადამიანების უმრავლესობას შემოსავალი აქვს ლარში და დოლარში აღებული სესხი არის ძალიან დიდი რისკის მატარებელი, რადგან ვალუტა ცვალებადია. ეს რისკები არაჰეჯირებულია, ანუ, პრობლემურია და ამის გადაზღვევას ცდილობს ეროვნული ბანკი ლარიზაციის პოლიტიკით. ამის გამო, იღებს ასეთ უხეშ და მკაცრ გადაწყვეტილებას და, რეალურად, კრძალავს, 10 წელზე მეტი ხნით სესხების გაცემას, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრ ადამიანს უბრალოდ აღარ შეეძლება აიღონ სესხი,”- აცხადებს სოსო ბერიკაშვილი.

სოსო ბერიკაშვილი ამბობს, რომ ლარიზაციის პოლიტიკის სწორად წარსამართად, აუცილებელია ეროვნული ბანკისა და მთავრობის კოორდინირებული ქმედება, რასაც ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გამყარება უნდა მოჰყვეს.

“ეროვნული ბანკი ასე განყენებულად, მთავრობის ხელშეწყობის გარეშე ვერ გაატარებს ამ პოლიტიკას და მთავრობა რას აკეთებს ამ მიმართულებით, გაუგებარია. პირველ რიგში, აუცილებელია, შეთანხმდნენ დანარჩენ ხელისუფლებასთან და მერე მიიღონ ასეთი უხეში გადაწყვეტილებები. თუ ლარიზაცია გვჭირდება, მაშინ ასეთი ნაბიჯები მისაღებია. პირველ რიგში, ეროვნული ვალუტის და ლარის სანდოობის ამაღლება გვჭირდება და მაგას ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი ქმედებებით ვერ განახორციელებს, საჭიროა ეროვნული ბანკის და მთავრობის ეკონომიკური გუნდის კოორდინირებული ქმედებები. ეროვნული ბანკის სანდოობის გაზრდისთვის, უფრო მეტად გვჭირდება თვითონ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, რასთან დაკავშირებითაც გარკვეული კითხვის ნიშნები არის, და, მეორე მხრივ, ლარის სანდოობის გაზრდა ასე მარტივი არ არის. ლარი საშუალოვადიან პერიოდში უნდა გახდეს შედარებით მყარი ვალუტა და ამ შემთხვევაში გაიზრდება სანდოობა – ეს ასე ერთი ხელის მოსმით მისაღწევი ამბავი არ არის,”- აცხადებს სოსო ბერიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 15-წლიანი სავალუტო იპოთეკური სესხები აკრძალა. ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, სოსო გვენეტაძის განცხადებით, აღნიშნული ინსტრუმენტი ლარიზაციას წაახალისებს და დროთა განმავლობაში, ლარიზაციის ზრდასთან ერთად, კაპიტალის ბუფერის მოთხოვნა შერბილდება, თუმცა, ასევე შემცირდება გაცვლითი კურსიდან მომდინარე სისტემური რისკი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში ილუსტრაციის ფესტივალი გაიმართება
შემდეგი სტატია“მედიის ადვოკატირებისთვის”: მოვუწოდებთ კულტურის სამინისტროს, შეწყვიტოს მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა