​მიხეილ ჯანელიძის შეფასებით საქართველოს ევროპული ტრანსფორმაცია და წარმატებული რეფორმები ევროპის სტაბილურობის მნიშვნელოვანი კომპონენტია

საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის ელჩებთან შეხვედრა შეაჯამა და საქართველო ევროკავშირის თანამშრომლობის კუთხით ვიზიტის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა: „ევროკავშირი საქართველოს განიხილავს, როგორც მთავარ პარტნიორს და ჩვენ გვაქვს მჭიდრო არა მხოლოდ პოლიტიკური ასოცირების პროცესი და ეკონომიკური ინტეგრაციის, არამედ უსაფრთხოების სფეროში ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. ეს არის ის მიმართულება, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ჩვენ ვუახლოვდებით ყველა იმ ინსტიტუტს, რომელიც უზრუნველყოფს ევროპის უსაფრთხოებას და ევროპის სტაბილურობას, საქართველოს განვითარებას. საქართველოს ევროპული ტრანსფორმაცია და ის წარმატებული რეფორმები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხორცილდება არის ერთიანი, უსაფრთხო, სტაბილური ევროპის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტი, ისევე როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ამ რეგიონისთვის“.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ გამოწვევებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ მდგომარეობაზე. ხაზი გაესვა ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობა, ასევე ევროკავშირის ჩართულობა ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში, ასევე ხალხთაშორისი ურთიერთობების აღდგენისა და ომით დაშორიშორებულ მოსახელობას შორის ნდობის აღდგენის მიმართულებით.

მინისტრმა ისაუბრა კომიტეტის მხრიდან აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერის შესახებ საქართველოსთან მიმართებაში და აღნიშნა რომ ეს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო აქტიურ და მჭიდრო ხასიათს მიიღებს : „ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ მივიღეთ სრული მხარდაჭერა და დადასტურება , რომ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კუთხით გაგრძელდება აქტიურად და გაღრმავდება.

ვიზიტის ფარგლებში PSC-ის ელჩები ასევე შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ამასთანვე დაგეგმილია შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – „ვენეციის კომისიის დასკვნა არის აბსოლუტურად პოზიტიური და აღიარებულია ის ძალიან დიდი პროგრესი, რომელსაც მიაღწია საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების მხრივ“
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ ისაუბრა