,,ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით, რათა ფეხბურთმა ნელ-ნელა დაიწყოს იმ კრიზისიდან გამოსვლა”

ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით, რათა ფეხბურთმა ნელ-ნელა დაიწყოს იმ კრიზისიდან გამოსვლა, რაც დღეს არის, – ასე უპასუხა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა , ტარიელ ხეჩიკაშვილმა ფეხბურთის ფედერაციაში არსებული ვალის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვას.
თემის კომენტირებისას მინისტრმა განაცხადა, რომ ფეხბურთის ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობას ყველა პრობლემასთან გამკლავება მოუწევს.
“წლების განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ფეხბურთის ფედერაციაში ბიუჯეტი და ციფრები ხელმიუწვდომელი იყო. სანაცვლოდ ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ ეს იყო ყველაზე წარმატებული მენეჯმენტთა ჯგუფი, რომელიც ახორციელებდა ფედერაციის მართვას და არანაირი ვალი არ ჰქონდათ. უეფას წარმომადგენლობამაც დაინახა, თუ რამდენად გაუმართავი იყო იურიდიულად მათი ადმინისტრაცია, თუ რამდენად არღვევდა უეფას წესებს. ვწუხვარ, რომ კიდევ ბევრი სიურპრიზი გველოდება, როდესაც მენეჯმენტი შეიცვლება. ახალ მენეჯმენტს მოუწევს ყველა პრობლემასთან გამკლავება, რაც ქართულ ფეხბურთში დახვდა. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი გუნდი თავს ღირსებულად გაართმევს. ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით, რათა ფეხბურთმა ნელ-ნელა დაიწყოს იმ კრიზისიდან გამოსვლა, რაც დღეს არის”, – აღნიშნა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
მინისტრმა მონიტორინგის აუცილებლობაზეც ისაუბრა, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. “მონიტორინგი აუცილებელია, რათა გაირკვეს, თუ რატომ ეპოტინებოდნენ და ცდილობდნენ აღმასკომის წევრები და ძველი ხელმძღვანელობა ყველა წესის დარღვევით შეენარჩუნებინათ თანამდებობა”, – განაცხადა ხეჩიკაშვილმა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხზე საუბარი ნაადრევია.

banner
წინა სტატიაშიმინისტრებისა და ვეტერანების ამხანაგური მატჩი რაგბიში ფრედ დასრულდა
შემდეგი სტატიავიდეო–ნუცა ბუზალაძემ სოჭში “ახალ ტალღაზე” იმღერა