სპორტის მინისტრი: ისეთი სიდედრი მყავს, „შაქარ დედას” ვეძახი

როგორია სპორტის მინისტრის, 7 შვილის მამის ტარიელ ხეჩიკაშვილის ოჯახური ცხოვრება და რატომ ეძახის ის სიდედრს ,,შაქარ დედას“.

,,უპირველეს ყოვლისა, ჩემს მეუღლეს მადლობა, რომ ჩვენ ასეთი ოჯახი შევქმენით. ჩემი მეუღლე წმიდა ნინოს ტაძარში გავიცანი. ის, თავისი სიკეთითა და პატიოსნებით, სულ სხვა განზომილებაშია. შვიდი შვილიდან ხუთი საკეისრო კვეთით გააჩინა. რომ არა ღვთის ნება, ვერ გადარჩებოდა. გმირი და თავდადებული დედაა და მთელი ცხოვრება მის ვალში ვიქნები ამ თავდადების გამო. პროფესიით პედაგოგია, მაგრამ, არ მუშაობს. ბავშვებს ზრდის – ესაა მისი მთავარი საქმე, თუმცა, ბევრ ბიზნესშია ჩემი პარტნიორი. საქმეშიც ისეთი საიმედო პარტნიორია, როგორც სახლში (იცინის). ჩვენი შვიდივე შვილი ტაძარში დადის, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ. უფროსი შვილი 19 წლისაა, უმცროსი, მარიამი – 1 წლის. ოთხი ბიჭი მყავს – დავითი, გიორგი, ცოტნე, იოანე. პირველ შვილს დედის სახელი – თამარი დავარქვი, მეორეს, სიდედრის პატივსაცემად – რუსუდანი. ისეთი სიდედრი მყავს, „შაქარ დედას” ვეძახი. სიდედრი მოხევე მყავს, სიმამრი – რაჭველი, ოღონდ, საუკეთესო რაჭველია – მესამე შვილიშვილზე მიხვდა, რომ სიძე ვიყავი, მანამდე ხან ოჯახის ახლობელი ვეგონე, ხან – მეგობარი (იცინის). რაც მინისტრი გავხდი, ერთ-ერთმა შვილმა დაიჩივლა: მამას რა უცნაური სამუშაო აქვს – სახლში აღარაა, მარტო ტელევიზორში ვხედავთო. ვცდილობ, ვიყო კარგი მამა; გოგონების მესაიდუმლე ვარ, რაზეც დედა ჩივის (იცინის). ჩემი რეჟიმის მიუხედავად, შაბათ-კვირა ჩემს ოჯახს ეკუთვნის. გვაქვს ჩვენი ოჯახური ტრადიციები, რასაც არ ვარღვევთ – გვიყვარს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა, ლამაზ კუთხეში ყოფნა, ქართული ისტორია და ხელოვნება – ქართული სიმღერა და ცეკვა ჩვენი ერის დიდი მონაპოვარია. ისტორია ისე მიტაცებს, რომ დამცლოდა ან მატერიალური საშუალებები მქონოდა და ადრეული ასაკიდან არ ჩავბმულიყავი ცხოვრების ფერხულში, სხვა მიმართულებებით წავიდოდი. რაღაც პერიოდის შემდეგ, როცა მშვიდ ცხოვრებას დავუბრუნდები, ალბათ, იმ ჩემი ძველი გატაცებებისთვისაც მოვიცლი“ – ჰყვება ტარიელ ხეჩიკაშვილი ჟურნალ ,,თბილისელებთან“

banner
წინა სტატიაშიმუსიკა საზღვრებს გარეშე – თამარ გვერდწითელის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიხსნა
შემდეგი სტატიაგამოვიდა კვანტური კომპიუტერი