საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია ივლისის პირველ ნახევარში დაიწყება

narmania

2015-16 წლისთვის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია ივლისის პირველ ნახევარში დაიწყება. როგორც დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ბაღების მართვის სააგენტო აქტიურად მუშაობს სასწავლო წლის მოსამზადებლად. მისივე თქმით, დადგენილია რეგისტრაციასთან დაკავშირებული შესაბამისი კრიტერიუმები.
დავით ნარმანიას განმარტებით, უპირატესობით ისარგებლებენ ის ბავშვები, რომელთა ოჯახები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული და 100 000 სარეიტინგო ქულაზე ნაკლები აქვთ, შემდგომ უპირატესობა ექნებათ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ფილიალებს, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს, ასევე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მოწერილობის საფუძველზე ბავშვებს, შემდგომ უპირატესობა მიენიჭებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს და იმ ოჯახებს, რომელთა ერთი ან მეტი შვილი უკვე სარგებლობს იმავე სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებით.
დავით ნარმანიას განცხადებით, ვინაიდან საბავშვო ბაღებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია და ჯერჯერობით ადგილების რაოდენობა არასაკმარისია, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა დამატებითი ადგილების გაჩენაზე. დედაქალაქის მერის ინფორმაციით, ამ მიზნით ბაღების მართვის სააგენტომ 2 500-მდე ადგილი უკვე შექმნა არსებულ შენობა-ნაგებობებში, სადაც დამატებითი ფართები მოწესრიგდა. მისივე ინფორმაციით, პარალელურ რეჟიმში 6 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიგეგმა და დაიწყო.
როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თბილისის საბავშვო ბაღებში ძირითადი სააღმზრდელო პერიოდი 30 ივნისს შეწყდება. 25-მდე საბავშვო ბაღში კი საზაფხულო პროცესი ივლისის თვეშიც გაგრძელდება. საზაფხულო ბაღები 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით იმუშავებენ. ბაღების ჩამონათვალი უახლოეს დღეებში ბაღების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, რომ ქართველი ხალხის სახელით გააფრთხილოს მეგობარი უკრაინელი ხალხი” – ჯუმბერ კირვალიძე
შემდეგი სტატიაინფრასტრუქტურის სამინისტროს აუდიტის სამსახურს ახალი უფროს ჰყავს