ჟურნალისტები მედიაში მიმდინარე მოვლენებზე მსჯელობენ

სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ში კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” ჟურნალისტებთან და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს.
შეხვედრაზე მსჯელობენ ტელემაუწყებლობის უახლეს გამოწვევებზე საქართველოში. როგორც ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ხელმძღვანელმა, ქეთი ხუციშვილმა განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილავენ იმ თემატიკას, რაც ბოლო წლების მანძილზე ხდება ტელევიზიაში.
“შესაძლოა, ეს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ფაქტები იყოს, მაგრამ მისი სიმრავლე გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს გარკვეულ ზეწოლის მცდელობას ხელისუფლების მხრიდან მედიაზე. ბევრ პროფესიონალთან ერთად განვიხილავთ ამ თემებს და გავარკვევთ, ხომ არ იმეორებს დღევანდელი ხელისუფლება იმ შეცდომებს, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაუშვა საქართველოში, როდესაც ისინი ცდილობდნენ, მედიაზე მოეხდინათ ზეწოლა”, – აღნიშნა ქეთი ხუციშვილმა.
ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას განმარტებით, დღევანდელი შეხვედრა არის მნიშვნელოვანი, რადგან არსებობს საგანგაშო სიგნალები და კითხვები, თუ რა ხდება მედიაში.
“საინტერესოა, რა ხდება მედიაში, მიდის თუ არა პოლიტიკური ჩარევა, პოლიტიკური ზეწოლა. როცა არსებობს ასეთი ტიპის საფრთხეები, არის შეკითხვები, მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები. თავის დროზე, 2003 წლის რევოლუციის შემდეგ ისე დაიწყო გადაცემების დახურვა, რომ მაშინ ასეთი რეაქცია არც სამოქალაქო საზოგადოებას და არც პოლიტიკურ წრეებს არ ჰქონიათ. დღეს ასეთი ტიპის ერთიანობა იმაზე მეტყველებს, რომ 2003-2004 წლებისგან განსხვავებით, მარტივად არ ჩაივლის, რომ ესა თუ ის გადაცემა არგუმენტების გარეშე დაიხუროს”, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.
ჟურნალისტ ია ანთაძის თქმით, კი ამ შეხვედრა ორი-სამი დღის განმავლობაში დაიგეგმა, რაც ნიშნავს, , რომ დღეს მედია არის ძალიან აქტუალური და საინტერესოა, როგორ ვითარდება მედიაში მოვლენები.
დღევანდელ შეხვედრაზე მსჯელობენ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-სა და ტელეკომპანია “იმედში” განვითარებულ მოვლენებზე. ასევე ამ შეხვედრას ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ომბუდსმენის, საქართველოს პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორიო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია მიმდინარეობს (ფოტო)
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე: შემუშავებული გვაქვს სამმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებად დაყოფაზე დაფუძნებული საარჩევნო სისტემის მოდელი