მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სასწავლო წლის ტრადიციული საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში დღეს 2015-2016 სასწავლო წლის ტრადიციული საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართა.
როგორც “თაიმერს” მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლიდან აცნობეს, სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა, საპატიო სტუმრებმა, თანატოლებმა მიულოცეს.
სახელმწიფო ჰიმნი მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ანსამბლმა “მზიურმა” შეასრულა, რის ფონზეც სახელმწიფო დროშა შემოიტანეს.
სასახლის დირექტორმა ქეთევან ფეიქრიშვილმა მოზარდებს მიმართა. “75-ე საიუბილეო სასწავლო წელი განსაკუთრებულად უნდა გავატაროთ, ვისწავლოთ, ვიშრომოთ, შევიმეცნოთ”, – განაცხადა ფეიქრიშვილმა. მან სასახლის მრავალმხრივ საქმიანობაზე, სიახლეებზე, წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა.
თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ზაზა ცინაძემ შეკრებილ საზოგადოებას დღევანდელი დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ თბილისის მერია ყოველმხრივ მხარში უდგას სასახლეს და ერთად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას აპირებენ, ასევე მრავალი მიმართულებით თანამშრომლობენ.
სასახლის აღზრდილი კულტურისა და მეცნიერების სფეროს ცნობილი მოღვაწეები ტრადიციულად “წარმატებული სასახლელის” წოდებით დაჯილდოვდნენ, ეს საპატიო წოდება ყოველწლიურად ენიჭებათ წარმატებულ პიროვნებებს, რომლებმაც ბავშვობის წლები სასახლეში გაატარეს. წელს “წარმატებული სასახლელის” წოდება მიენიჭათ: ლანა ღოღობერიძეს – კინორეჟისორს, მთარგმნელს, საქართველოს სახალხო არტისტს, არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის ლაურეატს; ჯანსუღ ჩარკვიანს – სახალხო პოეტს, გამომცემელს, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატს, თბილისის საპატიო მოქალაქეს; ლაშა თაბუკაშვილს – მწერალს, დრამატურგს, რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატს; თენგიზ (გიზო) ურუშაძეს – საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, პროფესორს, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის სახელობის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტის დირექტორს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატს; ნუგზარ ფოფხაძეს – ჟურნალისტს, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორს, საქართველოს ტელე -რადიო კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს;
გამომსვლელებმა სასახლეში გატარებული წლები და მასთან დაკავშირებული ბავშვობის საუკეთესო დაუვიწყარი მოგონებები გაიხსენეს. აღინიშნა, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე ყველა დროში თავისუფლებისა და ჰუმანიზმის, ცოდნის ტაძარი იყო. ამასთან ერთად, სასახლის წარმატებულ, აქტიურ მოსწავლეებს “წლის წარმატებული სასახლელის” წოდების დამადასტურებელი სიგელები გადაეცათ.
საზეიმო გახსნის ცერემონიაში სასახლის ქორეოგრაფიულ ანსამბლ “კავკასიონის” ნორჩი მედოლეები, მუსიკალური სტუდიის მომღერლები – ნიკო და მარი ვასაძეები მონაწილეობდნენ. შესრულდა ცეკვა “ქართული”. ანსამბლ “ივერიის” სოლისტებმა ნუგზარ კვაშალმა და ვახტანგ ტატიშვილმა ბავშვებთან ერთად მათთვის საყვარელი “ორი ჯუჯას” სიმღერა შეასრულეს, დაირეკა ახალი სასწავლო წლის დაწყების მაუწყებელი სიმბოლური ზარი. საღამო სასახლის მოსწავლეს, “პიონერფილმელ” მარიამ გარსევანიშვილს მიჰყავდა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირს ტერორისტების სიაში რუსეთის ექვსი მოქალაქე ჰყავს
შემდეგი სტატიაევროკავშირმა მწერების საკვებად გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეები შეისწავლა