“თქვე მაგარო ლენჩებო”- თამარ ჩერგოლეიშვილის საჯარო ჩვენება

“ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“20 ოქტომბერს მე, გიგა და გიორგი კანდელაკი გავემგზავრეთ მადრიდში. 22 ოქტომბერს მე და გიგა უნდა წავსულიყავით ლონდონში. 25 ოქტომბერს ვბრუნდებოდით თბილისში .

გიგა და კანდელაკი EPP-ის სამიტს უნდა დასწრებოდნენ. მე თან მადრიდში უნდა გამესეირნა და თან ევროპელი პოლიტიკოსები მენახა და ჩვენი კამპანიის “დაიცავი თავისუფლებას” მხარდაჭერა მეთხოვა.

21 ოქტომბერს მადრიდში ჩამოვიდა მიშაც. გიგაც, გიორგი კანდელაკიც, მიშა სააკაშვილიც, დათო ბაქრაძეც და მგონი გიგი წერეთელიც იქ იყვნენ, სამიტს ესწრებოდნენ.

22 ოქტომბერს მე და გიგა უნდა წავსულიყავით ლონდონში, 25 ოქტომბრამდე. გარდა იმისა, რომ კატო უნდა გვენახა, შეხვედრები გვქონდა დაგეგმილი პიტერ პომერანცევთან, ედვარდ ლუკასთან და ბილ ბროუდერთან.

21 ოქტომბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ნიკა გვარამიას განცხადების შემდეგ შანტაჟის თაობაზე, გიგამ დამირეკა და მითხრა, რომ თბილისში უნდა დავბრუნებულიყავით.

მე გადავდე ლონდონის შეხვედრები. დავუკავშირდი ჩვენ ტურისტულ კომპანიას, რომელმაც აგვიღო ახალი ბილეთები – მადრიდი – სტამბული – თბილისი.

21 ოქტომბერს, დაახლოებით 21:30-ზე გავემართეთ აეროპორტისკენ. ჩვენი რეისი 23:55-ზე მიფრინავდა.

გზაში შევიტყვე, რომ მიშაც ჩვენი რეისით მოფრინავს სტამბულამდე და მერე ოდესაში მიდის.

ჩვენ ადრე მივედით – კაფეში დავჯექით და წყალი, კოკა-კოლა და ფორთოხლის ფრეში დავლიეთ.

ამასობაში მიშაც მოვიდა, Duty Free-სთან შევხვდით და ეგრევე მივედით გასასვლელთან. მადრიდი სტამბულის რეისით ბევრი უკრაინელი მგზავრობდა, დაესიენ მიშას და ფოტოებს იღებდნენ. ფაქტობრივად ვერც ვილაპარაკეთ.

მიშა ბიზნეს კლასით მგზავრობდა. ჩვენ ეკონომით. შესაბამისად, თვითმფრინავში არ გვისაუბრია.

სტამბულში რომ ჩავფრინდით, მიშა თვითმფრინავიდან უკვე გასული იყო. მე და გიგა, ორი მწეველი, მეორე სართულისკენ წავედით – მოსაწევად და იქვე კაფეში “დავბანაკდით”.

6:05 წუთზე გავემართეთ გეითისკენ. გზაში შევიარეთ მაღაზიაში – კესოს ვუყიდეთ ყურსასმენები (დაგვაბარა) და მე ჩემთვის ვიყიდე სახის კრემი.

გეითთან როდესაც მივედით, ტელეფონებს დავხედეთ და მიშას missed call-ები გვქონდა. ხმა დაწეული იყო და ვერ გავიგეთ. გიგამ გადაურეკა და სანამ ზარი გავიდოდა, დავინახეთ, რომ მიშა მოვიდა თბილისის რეისის გასასვლელთან პასპორტით ხელში.

ჩასხდომა უკვე დაწყებული იყო.

სამივენი ვიდექით ზედ გასასვლელთან, ხალხი თვითმფრინავში სხდებოდა, ნაწილი მიშასთან მოდიოდა და ფოტოს იღებდა. ხალხშივე ვლაპარაკობდით – როგორც უკვე ვთქვი ვიცინოდით ჩემს დაჭერაზე. ვიცინოდით ხმამაღლა.

მერე დავიშალეთ – არათუ არ დამემშვიდობა, არამედ გადავკოცნე კიდეც, აბა შენ იცი, ჭკუით მეთქი ვუთხარი და ბოლოები შევედით თვითმფრინავში.

თქვე მაგარო ლენჩებო!

P. S. ლონდონის შეხვედრები გადავდე და ედვარდ ლუკასს ხვალ ვხვდებით ვახშამზე (ამაღამ მივდივართ), პიტერ პომერანცევს და სხვებს ორშაბათ-სამშაბათს”,- წერს ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა ვებგვერდმა wikileaks.center საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და უშიშროების ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას სტამბულის ათა-თურქის აეროპორტში 22 ოქტომბერს, დილის 06:18 საათზე საუბრის სტენოგრამა გაავრცელა სათაურით “სააკაშვილი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს”.

 

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამიას პროკურატურაში ორშაბათს დაკითხავენ
შემდეგი სტატიავლადიმერ ბედუკაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს