ვახტანგ გომელაური: სპეცდანიშნულების რაზმის ბიჭები მათი ხელმძღვანელების ბრძანების მსხვერპლი გახდნენ

შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სპეცდანიშნულების რაზმის ის თანამშრომლები, რომლებიც ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, ”მათი ხელმძღვანელების უკანონო ბრძანების მსხვერპლი გახდნენ.”

ამის შესახებ მან განცხადება დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა, რომელსაც ის მინისტრის რანგში პირველად ესწრება.

ის ჟურნალისტებს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის გამოძიების შესახებ ესაუბრა და განაცხადა, რომ საქმეს პროკურატურა აწარმოებს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიების შესახებ ყველა ინფორმაციას ფლობს.

მისივე თქმით, თუ კიდევ გამოიკვეთება ვინმეს ბრალეულობა, მათაც დააკავებენ.

რაც შეეხება შსს-ს თანამშრომლების დაკავებას, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ისინი სამსახურიდან პროკურატურის მომართვის საფუძველზე ერთი დღით ადრე გაათავისუფლეს.

„პროკურატურამ მოგვმართა, რომ უნდა მომხდარიყო მათი გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა და მას შემდეგ მოხდა დაკავება. ძალიან ვწუხვარ, რომ სპეცდანიშნულების რაზმის ბიჭები მათი ხელმძღვანელების ბრძანების მსხვერპლი გახდნენ,” – განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება უშუალოდ საქმის გამოძიებას და მიმდინარეობას, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მოვლენები სწორად ვითარდება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ყველამ მითხრა, რომ გასული წელი იყო საუკეთესო ბოლო 5 წლის განმავლობაში
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: პუტინის მიზანია დნესტრისპირეთამდე სახმელეთო კორიდორის გაკეთება