დავით სერგეენკო: IRI-ს კვლევასთან დაკავშირებით დეტალური კომენტარი გამიჭირდება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ IRI-ს კვლევასთან დაკავშირებით დეტალური კომენტარის გაკეთება გაუჭირდება.
როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, კომენტარის გაკეთება ორი მიზეზის გამო გაუჭირდება.
“პირველი მიზეზი არის ის, რომ არ ვარ კვლევების ჩატარების სპეციალისტი, თუმცა ვიცი, რომ კვლევის ჩატარება სპეციფიურია და კითხვის ფორმულირებამაც შეიძლება შედეგების პარამეტრები მნიშვნელოვნად შეცვალოს. მეორე მიზეზი, რის გამოც ვერ გავაკეთებ დეტალურ კომენტარს, არის ის, რომ საკუთრივ კვლევა არ მინახავს და მგონი, არც არავის უნახავს. იყო მხოლოდ მოკლე სტატია ელექტრონულ მედიაში”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
გუშინ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ნაწილი გახდა ცნობილი.  ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევის კითხვაზე – დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდი ხმას, პარტიათა ჩამონათვალი ასე გადანაწილდა: “ქართული ოცნება” 36%, “ნაციონალური მოძრაობა” 14%, “თავისუფალი დემოკრატები” 10%, “ლეიბორისტული პარტია” 6%, “დემოკრატიული მოძრაობა” 5%, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” 5%.
გარდა ამისა, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნდობით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სარგებლობენ. ორივეს ნდობის 62 პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს.
ამასთან, კვლევის შედეგების გამოქვეყნებას IRI 27 მარტისთვის გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიეროსი კიწმარიშვილის ოჯახი ბიძინა ივანიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: სამედიცინო უნივერსიტეტს რამდენიმე კლინიკა ჩამოართვეს, რაც წინა ხელისუფლების დიდი დანაშაული იყო