ვახტანგ ყოლბაია: რუსეთის სათათბირო ვერ ან არ აცნობიერებს, რომ აფხაზეთის ტერიტორია ოკუპირებულია

რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციის ფაქტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ეხმაურება.

„არ გამკვირვებია, რომ 2 ნოემბერს დუმამ ერთ-ერთი ყველაზე მიუღებელი ე.წ. დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა. ყველაფერი სწორედ ამისკენ მიდიოდა, რომ 2015 წლის ნოემბერში რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის რეჟიმს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფებების შექმნას რატიფიცირების აქტი უნდა მოჰყოლოდა. განა ამას არ ითვალისწინებდა 2014 წლის ნოემბერში სოხუმსა და მოსკოვს შორის ხელმოწერილი ე.წ. „ხელშეკრულება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“? რუსეთის სახელმწიფო დუმის მიერ 2 ნოემბერს ამ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება ხომ პირდაპირ გამოხატავს დოკუმენტის არსს. კერძოდ იმას, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ძალისმიერი პოლიტიკა კვლავ ძალაშია“, – აცხადებს ყოლბაია.

მისიივე შეფასებით, საინტერესოა ასევე ის ფაქტიც, რომ რუსეთის დუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომიტეტის ხელმძღვანელი სამომავლო კეთილმეზობლურ ურთიერთობებზეც კი საუბრობს.

„როცა ამ განცხადების მეორე დღესვე დუმა რატიფიცირებას უკეთებს ხელშეკრულებას, რომელიც მთლიანად არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ურღვევობა და სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ურთიერთობებს ვერაფერს შესძენს. ასეთი დამოკიდებულება მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთის სათათბირო ვერ ან არ აცნობიერებს, რომ აფხაზეთის ტერიტორია ოკუპირებულია და რომ საქართველოს ტერიტორიების ამგვარი ანექსია დოკუმენტების რატიფიცირების დონეზე, საერთაშორისო სამართლის ნორმების ყველაზე უხეში დარღვევაა. უმჯობესია ალბათ, რუსეთის სახელწიფო დუმამ ჯერ ეს ფაქტი შეიმეცნოს და ამის შემდეგ გამოითქვას მოსაზრებები კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენაზე. სხვა შემთხვევაში, ეს აღიქმება როგორც ცინიზმი და გაუგონარი თავხედობა“, – აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის მიერ გუშინ, რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ გასული წლის ნოემბერში დადებული ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია მოხდა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა
შემდეგი სტატიასაფრანგეთში ოთხი მეჩეთი დახურეს