ტრამპის პრეს-კონფერენცია: რუსეთი ჩვენ ისე დაგვაფასებს, როგორც არასდროს

ნიუ-იორკში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, აშშ-ს რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოკლედ ისაუბრა თავის ხედვებზე უახლოესი მომავლის პერიოდში, მან კატეგორიულად უარყო ინფორმაცის იმის შესახებ, რომ თითქოსდა პუტინს მასზე კომპრომატი აქვს, “სი-ენ-ენის” ჟურნალისტთან კამათი მოუვიდა და პირობა დადო, რომ რუსეთი ისე დააფასებს ამერიკას, როგორც არასდროს.

რამდენიმე ჟურნალისტმა შეკითხვის დასმა ვერ მოახერხა: ტრამპი აშკარად აღელვებული ჩანდა ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცის გამო, თითქოსდა მის წინააღმდეგ არსებულ კომპრომატზე. მან მედიის მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას “სამარცხვინო” უწოდა.

შეკითხვაზე პასუხისას, რუსეთის პრეზიდენტთან მომავალ ურთიერთობებზე, ტრამპმა თქვა: “თუკი პუტინს დონალდ ტრამპი მოსწონს, იცოდეთ, მეგობრებო, ამას “აქტივი” ქვია და ეს ცუდი არ არის. არ ვიცი, შემიძლია თუ არა ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობის მოგვარება. იმედი მაქვს, რომ შემიძლია, მაგრამ არის იმის დიდი შანსი, რომ არა. და თუკი ვერ შევძლებ, თქვენ რა, მართლა გგონიათ, რომ ჰილარი პუტინთან უფრო ხისტი იქნებოდა, ვიდრე მე? ნუთუ, ამ ოთახში არის ისეთი, ვისაც ამისი სჯერა? კარგით, რა!”
ტრამპის დიალოგი პრესასთან დროდადრო მაღალ ტონალობებში გადადიოდა. ქვემოთ პრეს-კონფერენციის ის ნაწყვეტია მოყვანილი, როცა სიტუაცია ძალიან დაიძაბა.

ტრამპი: რაც შეეხება Buzzfeed-ს, რომელიც ამას (კომპრომატზე-რედ) წერს. ეს წარუმატებლები. ნაგვის ხროვა, ვფიქრობ, შესაბამისი შედეგები ექნებათ იმის შემდეგ, რაც დაწერეს. აქვთ უკვე. რაც შეეხება “სი-ენ-ენს”, რომელიც კანიდან ძვრებოდა ეს რომ გაევრცელებინა…

სხვათა შორის, ჩვენ ახლახანს გავიგეთ, რომ თვითონ მაიკლ კოენი… დიახ, დიახ, მაიკლ კოენი, რომელიც, სხვათა შორის, ძალიან ნიჭიერი იურისტია თავის სფეროში… მოკლედ, მთელი საღამო ისინი მაიკლ კოენზე საუბრობდნენ. მე მას ვუთხარი: “მაჩვენე შენი პასპორტი”. მან პასპორტი ოფისში მომიტანა. და ვამბობ: “ნახეთ, ის ქვეყნიდანაც კი არ გასულა!”.
ისინი კი (ტონალობას იცვლის და ჟურნალისტებს დასცინის): “ტრამპის ორგანიზაციიდან მაიკლ კოენი პრაღაში წავიდა!”
(ჩვეულებრივი ხმით) მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს სხვა მაიკლ კოენია! სამარცხვინოა, სამარცხვინოა და მათ ბოდიში უნდა მოიხადონ!

დარბაზიდან შეკითხვის დასმას ცდილობენ, მაგრამ ტრამპი ამაზე არ რეაგირებს. “სი-ენ-ენის” ჟურნალისტი საბლოოდ მას აწყვეტინებს.

CNN: სერ, თუკი ბრალს გვდებთ, შეკითხვის დასმის საშუალება მაინც მოგვეცით!
ტრამპი სხვა ჟურნალისტს მიმართავს: თქვენ, თქვენ (შეკითხვის დასმის უფლებას აძლევს).
CNN: ბატობო არჩეულო პრეზიდენტო! თუკი თქვენ ჩვენს ორგანიზაციას თავს ესხმით…
ტრამპი მას არ ასრულებინებს, გვერდზე იყურება: არა, თქვენ, თქვენ, დიახ!
CNN:თუკი თავს გვესხმით, შეკითხვის დასმის საშუალება მომეცით…
ტრამპი: არა, არ მოგცემთ. თქვენ საშინელი ორგანიზაცია ხართ!
CNN:თუკი თავს გვესხმით, შეკითხვის დასმის საშუალება მომეცით…
ტრამპი: არა, არ მოგცემთ, თქვენი ორგანიზაცია საშინელია!
CNN: სერ, ბატონო არჩეულო პრეზიდენტო…
ტრამპი: არა, ჩუმად! აი, თქვენ, დასვით შეკითხვა…

CNN:თუკი თავს გვესხმით, შეკითხვის დასმის საშუალება მომეცით…
ტრამპი: არა, აი, ის დასვამს შეკითხვას, არ გააწყვეტინოთ, ნუ უზრდელობთ!
CNN: თუკი თავს გვესხმით…
ტრამპი: ნუ უზრდელობთ!
CNN: შეკითხვის დასმის უფლება მომეცით!
ტრამპი: არ მოგცემთ მე თქვენ შეკითხვის დასმის უფლებას. არ მოგცემთ…

CNN (არ ნებდება): თქვენ შეგიძლიათ კატეგორიულად ამტკიცოთ…
ტრამპი: თქვენ დეზინფორმატორები ხართ!!!
ბიბისი: იენ პენელი, “ბიბისის” ახალი ამბები…
ტრამპი: “ბიბისი” კიდევ ერთი ლამაზმანი!
ბიბის (იცინის): გმადლობთ! როგორც ჩვენთვის ცნობილია, დაზვერვის სამსახურები ამ ბრალდებას მაინც განიხილავენ. თუკი ისინი დაადასტურებენ, რომ ამ ბრალდებების რაღაც ნაწილი მაინც სინამდვილეს შეესაბამება, თქვენ მზად ხართ გადადგეთ?
ტრამპი: ისინი ვერაფერს იპოვიან. შემდეგი!
ჟურნალისტი: გმადლობთ, ბატონო არჩეულო პრეზიდენტო! შეგიძლიათ თუ არა ახლა და აქ კატეგორიულად განაცხადოთ, რომ როგორც თქვენ, ისე, არავის თქვენი შტაბიდან, რუსეთთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია – არც საარჩევნო პერიოდში, არც მანამდე? და ფიქრობთ თუ არა, რომ რუსეთია ჰაკერულ თავდასხმაზე პასუხისმგებელი და ახლა, პირდაპირ რას ეტყოდით ვლადიმირ პუტინს?
ტრამპი: მას ეს არ უნდა გაეკეთებინა. ის ამას არ გააკეთებს. რუსეთი უფრო მეტად დააფასებს ჩვენს ქვეყანას, როცა მე გავხდები ხელმძღვანელი, ვიდრე სხვების დროს. თქვენ ნახავთ, რუსეთი მეტად დააფასებს ჩვენს ქვეყანას…. მას ეს არ უნდა გაეკეთებინა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას მეტჯერ არ გააკეთებს.
ჩვენ რაღაც უნდა მოვიფიქროთ, იმიტომ, რომ საუბარი არა მხოლოდ რუსეთზეა. ნახეთ, რა მოხდა, თუმცა, ამაზე ჟურნალისტებს არ დაუწერიათ! ამ ქვეყანაში 22 მილიონი აკაუნდი გაიტეხა ჩინეთიდან! საქმე კი იმაშია, რომ ის ადამიანები, ისინი, ვინც ამ ქვეყანას მართავდნენ, აზრზე არ იყვნენ რას შვრებოდნენ.
რუსეთი ჩვენს ქვეყანას მეტად დააფასებს, ჩემს დროს. დარწმუნებული ვარ… იმედი მაქვს… შესაძლებელია ეს არ მოხდეს, მაგრამ შეიძლება მოხდეს… მაგრამ მე მათთვის ჰილარივით გადატვირთვის ღილაკის ჩუქებას არ ვაპირებ: “მოდით, დააწექი, ამ პლასტმასის ნაწილს” ის ბიჭი კი ჰილარის უყურებს და ვერ ხვდება: “ნეტა რას ამბობს?” მსგავსი ღილაკი არ არსებობს. ჩვენ ან მოვაგვარებთ, ან ვერა. იმედი მაქვს, რომ მოვაგვარებთ, მაგრამ თუკი ვერ მოვაგვარეთ, ესეც დასაშვებია… მაგრამ რუსეთი და სხვა ქვეყნები, მათ შორის, ჩინეთი, რომელიც, სხვათა შორის, ჩვენ გვიყენებს ეკონომიკურად, სრულებით გვიყენებს სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში, სადაც თავის უზარმაზარ ციხესიმაგრეს იშენებს, სრულიად გვიყენებს…
რუსეთი, ჩინეთი, იაპონია, მექსიკა… ყველა ჩვენს პატივისცემას დაიწყებს.. უფრო მეტად, ვიდრე გასული ადმინისტრაციისას!

(დარბაზში ხმაურია, შეკითხვის დასმას ბევრი ცდილობს ერთდროულად)
ტრამპი: მადლობა ყველას! სულ ეს იყო! რომ გაიგოთ, აი, ეს ქაღალდები (ქაღალდების უზარმაზარ დასტაზე უთითებს) – ეს მხოლოდ იმ კომპანიების ნაწილია, რომელსაც მე ვფლობ და რომელსაც მე ტრასტს ვაძლევ, რომ ისინი ჩემმა შვილებმა მართონ. და იმედი მაქვს, რომ 8 წლის შემდეგ მე დავბრუნდები და ვიტყვი: “კარგად იმუშავეთ, ბიჭებო”. თუკი ისინი აურევენ, მე ვიტყვი: “თქვენ დათხოვილი ხართ!” შეხვედრამდე.

ტრამპი გასასვლელისკენ მიდის. “სიენენის” ჟურნალისტი უკანასკნელ მცდელობაზე გადადის.
CNN: სერ, თქვენ არ გიპასუხიათ, გქონდათ თუ არა კონტაქტი რუსებთან! სერ! თქვენ არ გიპასუხიათ, ჰქონდა თუ არა თქვენს რომელიმე თანამშრომელს რუსებთან კონტაქტი. შეგიძლიათ კატეგორიულად თქვათ, რომ ეს არ ყოფილა?
ტრამპი დარბაზში რამდენიმე საჰაერო კოცნას აგზავნის და ისე მიდის, რომ არაფერს ამბობს.

მომზადებულია “ბიბისის” მიხედვით.

 

banner
წინა სტატიაში„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე შესაძლოა, დავით ბაქრაძე გახდეს
შემდეგი სტატიავიზალიბერალიზაციის ამოქმედებამდე მხოლოდ ევროკავშირის საბჭოს მხარდაჭერა რჩება – თამარ ხულორდავა