რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს თურქეთში რუსეთის ელჩზე, ანდრეი კარლოვზე თავდასხმის შესახებ უკვე მოახსენეს – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ავრცელებს. “პრეზიდენტი საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სპეცსამსახურების ხელმძღვანელების მოხსენებას მოისმენს” – განაცხადა პესკოვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ანკარაში, ერთ-ერთ მუზეუმში სიტყვით გამოსვლისას, უცნობმა პირმა ქაოტურად ატეხა სროლა, რომლის დროსაც თურქეთში რუსეთის ელჩი მძიმედ დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობის შესახებ, ჯერჯერობით, არ ვრცელდება ინფორმაცია.