თეონა ჭალიძე გოჩა ჯამარაულს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ამხელს

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აპრილი 24, 2017 12:54

თეონა ჭალიძე გოჩა ჯამარაულს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ამხელს

„წლებია, გარდაბნის რაიონში, კერძოდ, ვაზიანის დასახლებაში მოსახლეობას არ აქვს წყალი, გაზი, გზა. ამჟამად ხალხი წყალს ყიდულობს. მოსახლეობას სხვა ბევრი სოციალური პრობლემაც აქვს,“ – აცხადებს სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ სათათბიროს წევრი თეონა ჭალიძე.
მისივე ინფორმაციით, უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის დახმარებისა და პრობლემების მოგვარების ნაცვლად, გარდაბნის გამგებელი გოჩა ჯამარაული ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივი ხარჯვითაა დაკავებული.
„ძალიან დიდ უპასუხიმგებლობას აქვს ადგილი, როცა გოჩა ჯამარაულის თაოსნობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტმა ახლახან 19768 ლარის საკანცელარიო ნივთები შეიძინა და აქედან 2820 ლარის – მხოლოდ სტეპლერები, 1588 ლარის – კალამი, 1000 ლარის – ბაინდერი და 1260 ლარის – ფაილები. მარტში ჩატარებული 15000-ლარიანი ტენდერით, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, გოჩა ჯამარაულმა ექსკურსია-ლაშქრობების ორგანიზება შეისყიდა კახეთში, მცხეთაში, ვარძიაში, ყაზბეგში, ხევსურეთში, დაშბაშის კანიონში, სვანეთში, რაჭასა და ქუთაისში. საუბარია ოც-ოცი, ჯამში, ორასი ადამიანის მოგზაურობაზე. ათი ლოკაცია და თითოზე ოცი ექსკურსანტი. გაუგებარია, რა კრიტერიუმით არჩევს გამგებელი ამ ადამიანებს?“ – აცხადებს ჭალიძე და დასძენს, რომ ანალოგიური ლაშქრობები 2016 წელსაც აქტუალური იყო და მაშინ გარდაბნის ბიუჯეტს ხუთ ლოკაციაზე, ჯამში, 102 ადამიანის ექსკურსია 7777 ლარი დაუჯდა.
„სახალხო და რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნაშიც ჯამარაულს ვერავინ შეედრება. ხუთი სახალხო და რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნა გარდაბნის მუნიციპალიტეტს 82638 ლარი დაუჯდა. აქედან ღონისძიებების ცხრა მომღერალზე 7300 ლარი, ოთხ მუსიკალურ ჯგუფზე 9000 ლარი და ხუთ წამყვანზე 3600 ლარი დაიხარჯა. ამ ღონისძიებებზე 8542 ლარის ფოიერვერკი, ბუშტები, ფერადი კვამლი, სხვა პიროტექნიკა გამოიყენეს და აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნავი ღონისძიებისთვის სცენა შეღებილი კვერცხებითა და ჯეჯილით გააფორმეს. საახალწლო განათება და ნაძვის ხე 19089 ლარი დაუჯდათ. აქვე, მნიშვნელოვანია, რომ ჯამარაულის ხელმძღვანელობით, 2016 წლის ნოემბერში გარდაბნის მუნიციპალიტეტმა შეიძინა მუსიკალური გახმოვანების აპარატურა 50000 ლარად და, მიუხედავად ამისა, მას შემდეგ ჩატარებულ ღონისძიებებზე მაინც ქირაობს აპარატურას და გაუგებარია, რატომ სწევს დამატებით ხარჯებს? ახლახან გოჩა ჯამარაულის ხელმძღვანელობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტმა 15000 ლარად შეისყიდა ესპანური წარმოების სპორტული ტანსაცმელი (16-16 ერთეული სხვადასხვანაირი მაისური, შორტი, „გეტრი“, საწვიმარი, შარვალი, ზედა) გარდაბნის მუნიციპალიტეტი თავის კომფორტზეც ზრუნავს და 12829 ლარად ყიდულობს კონდინციონერებს (7198 ლარის კონდინციონერები შეიძინეს 2016 წელს) და 11450 ლარად კი, დისპანსერზე დასამაგრებელი 2000 ბალონით მინერალური წყალი ,,ბაკურიანი“ და ეს მაშინ, როცა თბილისის გამგეობებშიც ჩვეულებრივი ონკანის წყლით სარგებლობენ. ზემოჩამოთვლილი შესყიდვები და ქმედებები მიუთითებს გოჩა ჯამარაულის არაკომპეტენტურობასა და უპასუხიმგებლობაზე და აღნიშნულ არამიზნობრივ ხარჯვებზე შესაბამისმა უწყებებმა უნდა მოახდინონ რეაგირება,“ – აცხადებს თეონა ჭალიძე, რომლის ინფორმაციითაც, ბიუჯეტიდან ეს თანხა მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას უნდა მოხმარებოდა.
„დღეს კი ხალხი წყალს ყიდულობს გარდაბანში, ჯამარაული კი ტაშ-ფანდურში ხარჯავს ფულს და სტეპლერებს ყიდულობს,“ – აცხადებს ჭალიძე.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აპრილი 24, 2017 12:54

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,175
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics