სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, შშმ პირთა დაწესებულებებში ორი ბენეფიციარის გარდაცვალება კვების პროცესს უკავშირდება

შშმ პირთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში ბოლო პერიოდში ორი ბენეფიციარის გარდაცვალების ფაქტი კვების პროცესს უკავშირდება, – ამის შესახებ სახლახო დამცველის ანგარიშშია აღნიშნული.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ეს ფაქტები აღრმავებს ეჭვებს საკვების ხარისხთან და უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ვინაიდან აღნიშნულ საქმეებზე ამ დრომდე მიმდინარეობს გამოძიება, სახალხო დამცველი თავს იკავებს წინასწარი შეფასების გაკეთებისგან.

„სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის მიერ შემოწმებულ შშმ პირთა რეზიდენტულ დაწესებულებებში ბენეფიციართა კვების სტანდარტის სრულყოფილად დაცვა ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულებები საკვები პროდუქტებით ცენტრალიზებულად მარაგდება ფონდის მიერ, სახელმწიფო შესყიდვებით გათვალისწინებული რეგულაციებით, შეიმჩნევა გარკვეული ხარვეზები საკვები პროდუქტების ხარისხსა და ინსტიტუციებში მათი შენახვა–მომზადების თვალსაზრისით. ამასთან, ბენეფიციართა ნაწილი მიიჩნევს, რომ კვების პროცესში არ არის დაკმაყოფილებული მათი ინდივიდუალური მოთხოვნილებები. ზოგიერთ დაწესებულებაში პრობლემურია კვების რეჟიმის დაცვა და ბენეფიციართა მიერ სასადილოთი სარგებლობა (დუშეთის შშმ პირთა პანსიონატი). აღნიშნული დაწესებულების ბენეფიციართა უმრავლესობა საკვების მიღებას საცხოვრებელ ოთახში ამჯობინებს, რაც გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული და ვერ უზრუნველყოფს სტანდარტით დადგენილი მოთხოვნების დაცვას. ნიშანდობლივია, რომ შშმ პირთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში ბოლო პერიოდში ორი ბენეფიციარის გარდაცვალების ფაქტი სწორედ კვების პროცესს უკავშირდება, რაც აღრმავებს ეჭვებს საკვების ხარისხთან და უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით. ვინაიდან აღნიშნულ საქმეებზე ამ დრომდე მიმდინარეობს გამოძიება, სახალხო დამცველი თავს იკავებს წინასწარი შეფასების გაკეთებისგან“,-ნათქვამია ანგარიშში.

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მონიტორინგის ფარგლებში გამოავლინეს გარკვეული პრობლემები საკვების არსებულ მარაგთან დაკავშირებით. კერძოდ, მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატში, მონიტორინგის მომენტისათვის, მალფუჭებადი პროდუქტების (ხორცის, თევზის, კვერცხის, რძის პროდუქტების) მარაგი სრულად იყო ამოწურული; ძევრის დაწესებულების პროდუქტების საწყობში არ აღმოჩნდა რძის პროდუქტების და ხილის მარაგი. ფილიალების უფროსების განმარტებით, მალფუჭებადი პროდუქტები კომპანიებს კვირაში ერთხელ შემოაქვთ და მარაგის შევსებას უახლოეს დღეებში ელოდნენ.

„თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში მწვანილი მხოლოდ გაყინული სახით ინახებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საკვები პროდუქტებით მომარაგების თაობაზე ფონდსა და მომწოდებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი მწვანილით კვირაში ერთხელ უნდა მარაგდებოდეს, დოკუმენტაციის შემოწმებითაც დადასტურდა, რომ თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლს ახალი მწვანილი ერთი თვის განმავლობაში არ მიუღია და ბენეფიციართა კვებისთვის გაყინულ პროდუქტს იყენებდა“,-ნათქვამია ანგარიშში.

სახლახო დამცველის ოფისის ინფორმაციით, ხარვეზები გამოვლინდა საკვები პროდუქტების ხარისხის კონტროლის და შენახვის მიმართულებითაც. კოჯრის ფილიალის ერთ-ერთი თანამშრომლის განცხადებით, ამჟამად საკვებს არავინ ამოწმებს, ვინაიდან კონტროლზე პასუხისმგებელი ექიმი პედიატრი შვებულებაში იყო გასული. მიუხედავად ამისა, საკვების ხარისხის კონტროლის ჟურნალში შესაბამისი გრაფები შევსებული იყო.

მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატის ბოსტნეულის საწყობში პროდუქტებთან ერთად სარემონტო საღებავის სათლები ინახებოდა. საყურადღებოა საკვების სინჯების შენახვის არსებული პრაქტიკა. მაგალითად, ძევრის ფილიალში სინჯებს საერთოდ არ ინახავენ. ფილიალის უფროსის განცხადებით, მსგავსი მოთხოვნა ფონდის შიდა მონიტორინგის სამსახურს არ დაუყენებია. მარტყოფის ფილიალში განაცხადეს, რომ სინჯებს 24 საათის განმავლობაში ინახავენ. წინა დღის საკვების სინჯები არც კოჯრის ბავშვთა სახლში ჰქონდათ შენახული. თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის 36 მზარეულის განცხადებით, სინჯები ინახება მხოლოდ მეორე დღის დილამდე. მხოლოდ დუშეთის ფილიალში ინახავენ სინჯებს 3 დღის განმავლობაში.

banner
წინა სტატიაში“მსოფლიო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს გაყალბებული, დანაშაულებრივი გზით მიტაცებული უზურპირებული ძალაუფლება”
შემდეგი სტატიაერაყის პრემიერი: მოსულზე შეტევა იმაზე სწრაფად ვითარდება, ვიდრე ველოდებოდით