პრემიერი: ბარებში ქართველი არასრულწლოვანი გოგონების პროსტიტუციაში ჩართვა ხდება, რაც ჩემი, როგორც ამ ქვეყნის შვილის ღირსების შეურაცხყოფაა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვარდების მოედანთან არსებულ კაფეებთან დაკავშირებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაკეთებულ საკუთარ განცხადებაზე დამატებითი განმარტება გააკეთა.

პრემიერის თქმით, აღნიშნულ ბარებში ქართველი არასრულწლოვანი გოგონების პროსტიტუციაში ჩართვა ხდება და იქ ქართველ მამაკაცებს სწორედ ამ მიზეზით არ უშვებენ.

„მთავრობის სხდომის დაწყების წინ ჩემს მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, დამატებითი განმარტება მინდა გავაკეთო, რადგან როგორც დავაკვირდი, არასწორი ინტერპრეტირება მოხდა და არასწორი მიმართულებით წავიდა ის დასკვები, რაც გამოიტანეს.

მე ვახსენე, რომ ბარებში ადგილობრივ, ქართული ეროვნების მამაკაცებს არ უშვებენ და რატომღაც მოხდა ინტერპრეტირება, რომ თითქოს მე იმაზე ვზრუნავ, რომ ქართველი მამაკაცები ღამის კლუბებში შეუშვან. არა, მეგობრებო! ჩემთვის სამწუხაროდ, ამ კლუბებში ხდება ის, რომ იქ არის პროსტიტუცია, მათ შორის, ჩვენი არასწრულწლოვანი მოქალაქეების და არც ერთი ქართველი მამაკაცი არ მოითმენს იმას, რაც იქ ხდება. სწორედ ამიტომ არ ხდება ამ კლუბებში ქართველი მამაკაცების შეშვება“, – განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ეს მწვავე რეალობა, რომლის წინააღმდეგ შესაბამისი ზომების მიღება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა.

„ასევე, სიტუაციის შესწავლა დაავავლე ჩემს მრჩეველ სოფო ჯაფარიძეს, რადგან შესაძლოა, ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევა ხდებოდეს იმ კუთხით, რომ მხოლოდ მდედრობითი სქესის ადამიანებს უშვებენ. ჩემი მთავარი წუხილი ისაა, რომ პროსტიტუციაში ქართველი არასრულწლოვნების ჩართვა ხდება. ეს ჩემი, როგორც ამ ქვეყნის შვილის ღირსების შეურაცხყოფაა“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშისანზონაში ხანძრის შედეგად, სამი სახლი დაიწვა
შემდეგი სტატია“გადავწყვიტე დავტოვო მიხეილ სააკაშვილი”- ტარიელ ლონდარიძე