პრემიერ-მინისტრმა გადადგა რთული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაედგა – აბაშიძე

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მთავრობის ხელმძღვანელმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვით, რთული ნაბიჯი გადადგა, რომელიც უნდა გადაედგა.
აბაშიძე ფიქრობს, რომ გიორგი კვირიკაშვილის მიმართვას რუსეთის მხრიდან გარკვეული რეაქცია მოჰყვება.
„ეს დიდი პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფო მოღვაწის განცხადებაა. უპირველეს ყოვლისა, მხედველობაში მაქვს ქვეყნისა და საკუთარი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა, რომელიც ყველაფერზე, ნებისმიერ პოლიტიკურ კონიუქტურაზე მაღლა მათ ინტერესებს აყენებს. კვირიკაშვილმა ამ განცხადებით ნაბიჯი გადადგა არა მხოლოდ ტატუნაშვილთანდაკავშირებული უმძიმესი პრობლემის მოსაგვარებლად, არამედ რუსეთის მიმართ ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე კონკრეტული, გონივრული შეთავაზება გააჟღერა და მისი პირადი მონაწილეობით, ჟენევის დისკუსიების გააქტიურების მზადყოფნა გამოთქვა, რაზეც კომენტარი ადრეც გაუკეთებია.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა პირდაპირი დიალოგის დაწყებაზე კიდევ ერთხელ გააკეთა შეთავაზება აფხაზებისა და ოსების მიმართ. ალბათ, განცხადებაზე რაღაც რეაქცია იქნება. ამის წინასწარმეტყველება რთულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ პრემიერმა ის რთული ნაბიჯი გადადგა, რომელიც უნდა გადაედგა“, – განაცხადა აბაშიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას მიმართავს, რთული ვითარების დასაძლევად ერთობლივი ნაბიჯები გადაიდგას. როგორც გიორგი კვირიკაშვილის მიმართვაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობა კვლავ ადასტურებს, რომ დაინტერესებულია, მიაღწიონ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. პრემიერი აღნიშნავს, რომ მზად არის, ამ პროცესში პირადად ჩაერთოს.

banner
წინა სტატიაშიმაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა დღეს გახდება ცნობილი
შემდეგი სტატიაბაია პატარაია : „თუ პოლიცია კარგად მუშაობს, ყველაფერი კარგად მიდის“