პარლამენტში გირგვლიანის შესწორებების საკომიტეტო განხილვა დაიწყო

საკანონმდებლო ორგანოში ე.წ. გირგვლიანის შესწორებებზე მსჯელობენ. საკანონმდებლო ინიციატივას ადამიანის უფლებათა კომიტეტზე პირველი მოსმენით განიხილავენ.

ინიციატივის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის სამოხელეო დანაშაულების ნაწილში 13 -მდე ცვლილება შევა და 2 ახალი ჩანაწერი დაემატება. მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა ისჯებოდა 2-დან 4 წლამდე პატიმრობით და შესწორებების თანახმად ეს სასჯელი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

უმრავლესობის დეპუტატების განცხადებით, პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან გირგვლიანის საქმის მსგავსი დანაშაულის ჩადენის საშიშროება არ არის, თუმცა პრევენციული ღონისძიებების გატარება აუცილებელია. დეპუტატების თქმით, ინიციატივა სისტემური დანაშაულის და ერთი ადამიანის წინააღმდეგ გაერთიანებული სახელმწიფო ინსტიტუტების მოქმედების პრევენციას ემსახურება.

სამოხელეო დანაშაულთან მიმართებაში შემოდის სპეცმუხლების ცნება და მკაცრდება იმ დანაშაულების სანქცია, რომელიც გათვალისწინებული იქნება ახალი მუხლებით.

მამუკა მდინარაძემ 29 იანვარს თქვა, რომ “ქართული ოცნება” იწყებს მუშაობას საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტზე, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს გაცილებით მაღალი სტანდარტით მოქალაქეთა დაცვას სახელმწიფო ძალმომრეობისგან და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მართლმსაჯულების ხელშეუვალობას. მდინარაძის თქმით, ამ ცვლილებებს სიმბოლურად „გირგვლიანის შესწორებები” ერქმევა.

banner
წინა სტატიაშიჩუგოშვილი : დღეს არსებული შეწყალების პოლიტიკა პრობლემატურად მიგვაჩნია, ვნახოთ, პრეზიდენტი მასში რა ცვლილებებს შეიტანს
შემდეგი სტატია“ბავშვებს ძალით ხდიდნენ საცვალს” – მშობლები ბათუმის მე-14 საბავშვო ბაღში ანალიზის პროცედურის ხარვეზზე საუბრობენ