„ნაცმოძრაობას“ „სოკარის“ მონოპოლისტურ მდგომარეობაში, ფინანსური დაინტერესება გააჩნია”

“ქართული დასის” ლიდერ ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ „სოკარის“ მონოპოლისტურ მდგომარეობაში ჩაყენებასთან დაკავშირებით, ფინანსური დაინტერესება აქვს.

როგორც ბაღათურიამ „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კომპანია „სოკარის“ მონოპოლისტური მდგომარეობა ხელოვნურად შექმნა. მისი თქმით, „სოკარის“ შვილობილ კომპანიებში, ამჟამადაც მუშაობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რომლებიც „გაზპრომთან“ დაკავშირებული მოვლენების ხელოვნურ აჟიტირებას ახდენენ.

„ნაცმოძრაობას“ სოკარის მონოპოლისტურ მდგომარეობაში ფინანსური დაინტერესება აქვს. „სოკარს“ სააკაშვილმა და მისმა ბანდამ შეუქმნა ხელოვნურად მონოპოლისტური მდგომარეობა და ეს შექმნა პირადი ფინანსური, კორუფციული მდგომარეობის გამო. ეს არის მათი წივილ-კივილის და აჟიოტაჟის საფუძველი დღეს. „ნაცმოძრაობა” ცდილობს არ შემცირდეს „სოკარის“ შემოსავლები, არ გაუჩნდეს კომპანიას კონკურენტი, რაც ფასებს შეამცირებს, რაც მის სეგმენტსაც შეამცირებს, შესაბამისად, „ნაცმოძრაობის“ შემოსავლების წილიც იქნება შემცირებული“, – აღნიშნა ბაღათურიამ.

„ქართული დასის” ლიდერის თქმით, საჯარო რეესტრიდან მოპოვებული ინფორმაციით დასტურდება, რომ საქართველოში „სოკარის“ შვილობილ კომპანიებში, ერთ-ერთ წამყვან თანამდებობებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იკავებენ.

„ესენია: „საქორგგაზის“ დირექტორი, ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი და ვანო მერაბიშვილის ე.წ. „მოლარე“ ენერგეტიკების საკითხებში, ალექსანდრე ხეთაგური, რომელიც დღეს ძირითადი ოპერირების ხელმძღვანელია, რომლის მეშვეობითაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფულის გადაქაჩვა; დავით ზუბიტაშვილი, რომელიც ასევე ენერგეტიკის მინისტრი იყო, ის არის შვილობილი კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ დირექტორი; ირაკლი ზუბიტაშვილი – „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ კორპორაციული ხარისხის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ნიკა ზუბიტაშვილი – „სოკარ ჯორჯია გაზის“ რეაბილატიცასა და კაპიტალური მშენებლობის სამსახურის უფროსი; ვალერი ჩიტაიშვილი – „სოკარ ჯორჯია გაზის“ ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური სამსახურის უფროსი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გურიის გუბერნატრი იყო; დიმიტრი ბოჭორიძე – „სოკარ ჯორჯია გაზის“ კახეთის სამსახურის უფროსი, რომელიც თავის დროზე თეკვის საკრებულოს თავმჯდომარე იყო“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

მისი განმარტებით, აღნიშნული ჩამონათვალი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „სოკარში“ დესანტირებული წარმომადგენლების არასრული შემადგენლობაა.

„ეს ბანდა მოქმედებს დღეს და მათ მიერ არის დაწესებული 250-300%-ით უფრო მაღალი ფასები ბენზინზე და ამ ბანდის მიერ არის სპეკულაციური ფასები გაზზე დაწესებული, რითაც მოსახლეობის გატყავება ხდება“, – განმარტა ჯონდი ბაღათურიამ.

banner
წინა სტატიაში“ყველანი იქ დავრჩებით, სადაც ვართ,”- შესაძლო საკადრო ცვლილებებს მთავრობაში არ ადასტურებენ
შემდეგი სტატიაშსს ტყიბულში მომხდარ მკვლელობაზე განცხადებას ავრცელებს