კობა ნარჩემაშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნებას გამორიცხავს

ყოფილი შს მინისტრი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ნარჩემაშვილი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში კონკრეტულ თანამდებობაზე დაბრუნებას კატეგორიულად გამორიცხავს.

როგორც კობა ნარჩემაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი პოლიტიკაში დაბრუნებისა და საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობის ძირითადი ინტერესი საჯარო პოლიტიკა იქნება, რაც ახალგაზრდების თვითრეალიზაციისა და დასაქმების პრობლემის მიმართულებით მუშაობას ითვალისწინებს.

“ამ ხნის განმავლობაში პოლიტიკური პროცესებისგან შორს არ ვყოფილვარ. 2010 წლიდან აქტიურად ვთანამშრომლობდი პარტიასთან „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის,“ რომლის დამფუძნებელი მეც ვარ. „ქართულ ოცნებასთან“ გაფორმებული გვქონდა თანამშრომლობის მემორანდუმი. როცა დაისვა საკითხი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე, სურვილი გამოვთქვი და კონსულტაციების შემდეგ, გადაწყდა, რომ მონაწილეობა მიმეღო“,- განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

კობა ნარჩემაშვილის თქმით, მას ამ დროისთვის კონკურენტების ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია, თუმცა გამარჯვების იმედი აქვს. ამის საფუძველს, მისივე თქმით, ამომრჩევლის მხრიდან ხელისუფლების მიმართ გამოხატული განწყობები იძლევა. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი „ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისის 49-ე საარჩევნო ოლქში, ე.წ.ავანგარდის დასახლებაში მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა.

banner
წინა სტატიაში“თუ რუსეთის ექნება შესაბამისი პოლიტიკური ნება, მზად ვართ, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები”
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა სამტრედიის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გია მიქელაძე წარუდგინა