გიორგი კვირიკაშვილი: მიმდინარე წლის აპრილში ეკონომიკური ზრდა 4,3% იყო

აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოება შეუძლებელია

2016 წლის აპრილში ეკონომიკური ზრდა იყო 4,3%, კვარტლის მონაცემებით – 2,8 %. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“ეკონომიკური ზრდა ინვესტორების განწყობის გაუმჯობესებას და მოლოდინების სტაბილიზაციას უკავშირდება. შედეგად იზრდება ინვესტიციები და ერთობლივი მოთხოვნა. დარგებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ზრდაში შეიტანა მშენებლობის სექტორმა და აქაც აქტივობა მაღალი იყო, როგორც სახელმწიფო, სუვერენული დაფინანსების პროექტების კუთხით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართულებით, ასევე კერძო სექტორის აქტივობის მხრივ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ ძალიან დადებით მონაცემებში არის ის, რომ ეკონომიკური აგენტების გაუმჯობესებული განწყობა აღინიშნება, ლარის კურსის დასტაბილურებასთან და გამყარებასთან მიმართებაში.

„ბანკების მხრიდან, უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვების ოპერაციები არის შემცირებული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სპეკულატიური, აჟიოტაჟური მოთხოვნის წილი უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვაში გამოირიცხა. ხუთ თვეში საგადასახადო შემოსავალებმა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 8,3%-ით გადააჭარბა. პოზიტიურია ხარჯვის წილი 2016 წლის იანვარ-მაისში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის კუთხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ფისკალური სტიმულირება წლის დასაწყისში ყოველთვის გვჭირდებოდა ხოლმე და ძალიან კარგია, რომ წელს, წლის პირველ ხუთ თვეში ამ კუთხით ჩავარდნები ნაკლებია. დადებითი მაჩველებელია აშაკარად, რომ წლიური გეგემის 37,8 %-ია დახარჯული იანვარ-მაისში. ასე რომ, ვფიქრობ, ქვეყნის როგორც შიდა, ისე გარე ინვესტორები დადებითად აღიქვამენ ამ არაერთ პოზიტიურ მონაცემსა და მათი მოლოდინებიც კიდევ უფრო პოზიტიური იქნება და ინვესტიციები მოიმატებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყნის გარედან”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტმა უკვე მიიღო საგადასახადო ლიბერალიზაციის მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც მომავალი წლის პირველი იანვრიდან, კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ეკონომიკურ გარემოს.

banner
წინა სტატიაშითემურ ქეცბაია ათენის ,,აეკის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობა მთა-თუშეთის სტრატეგიული განვითარების გეგმას ამზადებს