დროებითი მოთავსების იზოლატორებში ვიდეოკამერების ჩანაწერის შენახვის ვადა 24 საათიდან 120 საათამდე გაიზრდება

დროებითი მოთავსების იზოლატორებში გაკეთებული ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადა 24-დან 120 საათამდე გაიზრდება, – აღნიშნულ ცვლილებას დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების გეგმა ითვალისწინებს, რომლის პრეზენტაცია შს მინისტრის მოადგილემ გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით გამართა.

დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ღონისძიების გატარება დაიწყო.

ამ გეგმის მიხედვით დაგეგმილია ინფრასტრუქტურის განვითარება, ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და ელექტრონული ბაზის დახვეწა, იზოლატორებში მოთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაზრდა, დაკავებულთა კვების გაუმჯობესება.

ინფრასტრუქტურის მიმართულებით უკვე დაიწყო სარემონტო სამუშაოები სხვადასხვა რეგიონში არსებულ იზოლატორებში.

ამავე გეგმით საწყის ეტაპზე ექვს მსხვილ იზოლატორში ვიდეომეთვალყურეობის არსებული სისტემა ჩანაცვლდება ახლით.

თებერვლის ბოლოს განახლებული იზოლატორი გაიხსნება ახალქალაქში. ქვეყნის მასშტაბით ყველა იზოლატორში ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო პერსონალი.

იმ პირებისთვის, რომელთაც ადმინისტრაციული პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ორი ახალი დაწესებულება მოეწყობა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე მიუნხენში საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს
შემდეგი სტატიათბილისში მეგატექნიკის მაღაზია გაქურდეს