არასამთავრობო სექტორი 12 მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებას მოითხოვს

კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” 12 მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებას მოითხოვს.

კოალიციის წარმომადგენლებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შესაბამისი განცხადება დღეს შეიტანეს.

როგორც კოალიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, აღნიშნულმა მოსამართლეებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის მიმართ გამოთქვეს არაჯანსაღი კრიტიკა და გააკეთეს არაეთიკური განცხადებები, რის გამოც მათ მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება უნდა დაიწყოს. საუბარია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 8 მოსამართლეზე, რომლებმაც მამუკა ახვლედიანის საპასუხოდ გაავრცელეს განცხადება და იმ 4 მოსამართლეზე, რომლებმაც კოალიციის წევრების თქმით, სასამართლოს შიდა ქსელში გამართეს მიმოწერა ახვლედიანის წინააღმდეგ.

“კოალიცია მიმართავს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოითხოვს ცალკეული მოსამართლეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებას იმისთვის, რომ საბჭომ გამოარკვიოს ხომ არ ჰქონდა მათ ქმედებაში არაეთიკურ ქცევას ადგილი. საბჭო ძალიან აქტიურად ცდილობს მამუკა ახვლედიანის ქმედებაში ეთიკის ნორმების დარღვევის აღმოჩენას და მის წინააღმდეგ დაწყებულია დისციპლინური სამართალწარმოება. იმისთვის, რომ საბჭომ აჩვენოს, თანმიმდევრულია აღნიშნული მოსამართლეების მიმართ უნდა დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება. მამუკა ახვლედიანის განცხადებებს მოჰყვა არაჯანსაღი გამოხმაურება სასამართლოს შიგნიდან, არაჯანსაღი კრიტიკა და არაეთიკური ეპითეტები. მოიხსენიებდნენ ბრჭყალებში მოსამართლედ, უწოდებდნენ ამორალურს და უღირსს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო აუცილებლად უნდა დაინტერესდეს ამ მოსამართლეების ქცევით”, – განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა სოფიო ვერძეულმა და აღნიშნა, რომ საბჭომ ასევე უნდა დაადგინოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 8 მოსამართლის ვინაობა, რადგან ისინი განცხადებას ხელს არ აწერდნენ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი კი იმედოვნებს, რომ საბჭო ობიექტურად შეისწავლის მათ მოთხოვნას.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თუ რამდენად თანმიმდევრულია იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომ შეისწავლოს ჩვენი განცხადებები. ჩვენ ვერ ვხედავთ მამუკა ახვლედიანის განცხადებებში დარღვევას, თუ სისტემურ პრობლემებზე საუბარი ჩაითვლება დისციპლინურ გადაცდომად, ეს პირდაპირი მესიჯი იქნება, რომ არავინ გაბედოს და ხმა არ ამოიღოს იმ პრობლემებზე, რაც სასამართლოს აქვს”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბაია გადაბაძე: ლევანი ვერ შემოვა როგორც დირექტორი
შემდეგი სტატიამებაჟეებმა რუსეთიდან სიგარეტის უკანონო შემოტანის ფაქტი გამოავლინეს