ელისო კილაძე:ან იწყება დიდი სახელისუფლებო წმენდა, ან „ოცნების“ ხელისუფლება მიდის სახლში!!!

ელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდა

ელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდაორი დღეა, ვფიქრობ, საიდან დავიწყო?
ადამიანურად ძნელია იმ განწყობის გადმოცემა, რასაც ახლა განვიცდი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქმე ეხება ჩემს მეგობრებს, არამედ იმიტომაც, რომ პირადად მომიხდა იმ ისტორიაში მონაწილეობა, რომლის ყველა დეტალი ჩემთვის მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გახდა ცნობილი.
დღეს, როცა უკანასკნელი წლების ყველაზე გახმაურებულ სკანდალზე, სავარაუდოდ, ბოლო მასალას ვწერ, შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს წარადგენენ. ვახტანგ გომელაურის წარმატებულ საქმიანობაზე ბევრადაა დამოკიდებული ის, თუ რა მოხდება ქვეყანაში ხვალ.
ის, რაც მოხდა გუშინ, დეტალები თანმიმდევრობით:
ის, რომ გამოქვეყნებული ჩანაწერი, სამართლებრივი თვალსაზრისით, სისხლის სამართლის დანაშაულის ყველა ნიშანს შეიცავს, ფაქტია! _ შინაგან საქმეთა მინისტრის კაბინეტში იმართება „საიდუმლო სერობები“, იგეგმება პოლიტპატიმართა ორგანიზაციების, ე. წ. „იაჩეიკების“ შექმნა, რომელიც მოგვიანებით განხორციელდა კიდეც, იგეგმება ამ ორგანიზაციებისთვის თანხის გამოყოფა (თითო „იაჩეიკა“ 20 000 ლარი), შინაგან საქმეთა მინისტრის სიმამრის მიერ ხდება ამ თანხის გადაცემა კერძო პირისთვის, თანხის წარმომავლობა, ცხადია, საეჭვოა, სავარაუდოდ, ეს არის „შავი ფული“, რომელსაც მინისტრის დავალებით მისივე სიმამრი, გენერალი თამაზ თამაზაშვილი განკარგავს და დავალების წარმატებით შესრულების შემთხვევაში კერძო პირს ახალი მანქანით დაასაჩუქრებენ. უფრო მარტივად და გასაგებად _ ფაქტია, შინაგან საქმეთა სამინისტროში ტრიალებს „შავი ფული“, რომლითაც ჯილდოვდებიან ის ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა პოლიტიკური, ან არაპოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებენ და ფაქტის შესახებ სწორედ ის პირი საუბრობს, ვისაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კონკრეტული დავალების შესრულება დაევალა.
მეორე მხრივ, საქმე გვაქვს ადამიანურ ტრაგედიასთან _ დღეის მონაცემებით, ახალგაზრდა კაცი, რომელსაც არ ამძიმებდა საკუთარი პოლიტიკური წარსული, მასზე არ არსებობდა კომპრომატები და სუფთა ხელებით, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, გახდა პრემიერ-მინისტრი, სრული ბანკროტია!!! მხოლოდ იმიტომ, რომ მან ვერ გამოიჩინა ფხა და გახდა საკუთარი ცოლის ნათესავების მძევალი.
ამ ადამიანური ტრაგედიის ანატომია კი პირდაპირ კავშირშია იმ ჩანაწერთან, რომელსაც უკვე გაეცანით.
ისტორია 2012 წლის 21 დეკემბერს დაიწყო, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, #1008 ბრძანებას გამოსცემს და მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს. ბრძანების მიხედვით, მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძე ყველაზე გავლენიანი ფიგურა ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროში, ის კონტრტერორისტული ცენტრის, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის, ანტიკორუფციული სააგენტოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოსა და სახელმწიფო და ქვეუწყებო დაწესებულების _ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კურატორი ხდება. მეორე მხრივ, ხვედელიძე არის ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელსაც, ფაქტობრივად, ყოველდღიური და პირდაპირი კავშირი აქვს პრემიერ-მინისტრთან. ივანიშვილი არც მალავს, რომ მისი მთავარი საყრდენი შინაგან საქმეთა სამინისტროში გელა ხვედელიძეა, ის ერთ-ერთ უცხოურ შეხვედრაზე ამას პირდაპირ ეუბნება უმცირესობის ლიდერს, დავით ბაქრაძეს. „ნაცები“ მარტივად იაზრებენ, რომ პირველი სამიზნე სწორედ გელა ხვედელიძე უნდა გახდეს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ხვედელიძე არჩევნების მერე, დანიშვნამდე, ერთ თვეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ატარებს.
აქ მოქმედებას იწყებს არა მხოლოდ კლასიკური სქემა, არამედ შიდა უწყებრივი ინტერესებიც. მიუხედავად იმისა, რომ მას მინისტრის სიმამრისა და პოლიტპატიმრის რანგში, ცხადია, ანგარიშს უწევენ, გენერალი თამაზაშვილი ვერ ახერხებს უწყებაზე კონტროლის მოპოვებას. პარალელურად, ირაკლი ღარიბაშვილი შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის პოსტზე ნიშნავს საკუთარი ცოლის მამიდაშვილს და გენერლის დისშვილს _ ზვიად ჯანყარაშვილს, „სუსის“ უფროსად კი გიორგი ზედელაშვილს, რომლის დედაც, ქეთევან ჯანყარაშვილი, თამაზაშვილების ახლო ნათესავია. პირველ ეტაპზე სულ ეს არის, რადგან რეგიონების კურატორი ალეკო ტაბატაძეა, გენერალს მისთვის უხდება თხოვნა რეგიონებში საკუთარი კადრების დასანიშნად. ის, რომ ზვიად ჯანყარაშვილი შსს-ში „დასალაგებლად“ მიიყვანეს, ეს ბოლოდროინდელ ინტერვიუში თამაზ თამაზაშვილს არც დაუმალავს. სხვა საქმეა, რამდენად ეხება გენერალურ ინსპექციას დალაგება. პირველი კულუარული და გაუხმაურებელი დარტყმა ალეკო ტაბატაძეს მიაყენეს. მას ერთ ღამეში მოუხსნეს მის მიერ რეკომენდებული და დანიშნული 30-ზე მეტი პირი, რაც ტაბატაძისთვის, ცხადია, სიგნალი იყო, ამიტომაც არჩია მან მოგვიანებით იუსტიციის სამინისტროში მოადგილის თბილ სავარძელში გადანაცვლება.
სამიზნედ დარჩა მხოლოდ მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძე და მის წინააღმდეგ ბევრად უფრო ვერაგული გეგმა ამოქმედდა. ერთი მხრივ, მუდმივად ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ ხვედელიძე მფარველობდა „კუდის“ ყოფილ უფროსს, ვაჟა ლელუაშვილს, ეს მაშინ, როცა რეალურად ლელუაშვილი ხვედელიძემ დააკავა. ვრცელდებოდა ხმები, რომ ხვედელიძე „ალაგებდა“ ქვემო ქართლის რეგიონს მაშინ, როცა რეალურად იქ „სუსის“ უფროსი ზედელაშვილის კადრი ვანო ბეგაშვილი იყო; რომ ხვედელიძე არ იძიებდა ლაფანყურის სპეცოპერაციას, მაშინ როცა პირველი საგამოძიებო მოქმედებები სწორედ მის დროს დაიწყო. ამ და ბევრ სხვა ინფორმაციას მედიასთან ხშირად აჟღერებდა ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე. მოგვიანებით, მამუკა არეშიძე სწორედ „ქრონიკა+“-თან საუბრისას აღიარებს, რომ ის შეცდომაში შეიყვანეს!!!
მეორე ფლანგზე თამაშში შემოჰყავთ „თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის“ მებრძოლი უფლებადამცველი, გიორგი ფარესაშვილი, რომელიც იწყებს ე. წ. კვერცხების სკანდალის აგორებას, გია ხუხაშვილისა და გელა ხვედელიძის გვარების ყველა ბრუნვაში ხსენებას. პარალელურად, ლაშა ამირეჯიბი მედიასთან ახმოვანებს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის, ვინმე ჯამასპიშვილის გვარს, რომელმაც თითქოს ხვედელიძის დავალებით „სუსის“ ეზოში დალუქულ, უხარისხო კვერცხების პარტიას ლუქი ახსნა და შემომტანებს მისი რეალიზაციის უფლება მიეცათ.
რა კავშირი აქვს ამ ისტორიებს ზემოთ გამოქვეყნებულ სკანდალურ ჩანაწერთან?
პირდაპირი _ დროში ყველა ეს მოქმედება პირდაპირ ემთხვევა იმ პერიოდს, როცა ჩანაწერის მიხედვით, „საიდუმლო სერობები“ იმართება შინაგან საქმეთა მინისტრის კაბინეტში და ხდება ლაშა ამირეჯიბისთვის თანხის გადაცემა.
კვერცხების ისტორიის რეალობას კი პირადად მე მხოლოდ ერთი წლის თავზე ვარკვევ _ როცა, ერთი მხრივ, მონაწილე ვხდები გიორგი ფარესიშვილისა და ლაშა ამირეჯიბის „რაზბორკის“, თუ ვინ ისარგებლა სიტუაციით და აიღო მეფრინველეობის ასოციაციის შეფისგან ფული და, მეორე მხრივ, ჩემთან შეხვედრას ითხოვს პირი, რომელიც მე კონფიდენციალურ ვითარებაში მიყვება, რა მოხდა რეალურად ე. წ. კვერცხების სკანდალზე. ერთი მანქანა დაბალი ხარისხის კვერცხის შემოტანის ისტორია რეალობაა _ „მოდულის“ შენობაში ნამდვილად იდგა დალუქული მანქანა, რომლის პატრონიც სიტუაციის „გასაიასნებლად“ მინისტრის სიმამრს, გენერალ თამაზაშვილს ეწვია და დახმარება სთხოვა, რომ სიცხეში კვერცხები ფუჭდებოდა და მიეცათ მისთვის პროდუქციის მაცივარში გადატანის საშუალება. მინისტრი სიმამრის თხოვნას, ცხადია, ითვალისწინებს, ურეკავს საკუთარ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს, ის კი, თავის მხრივ, ავალებს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელს, ჯამასპიშვილს, მისცეს დალუქული მანქანის მეპატრონეს პროდუქციის მაცივარში გადატანის საშუალება _ სულ ესაა იმ სკანდალის ანატომია, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გორდებოდა გია ხუხაშვილისა და გელა ხვედელიძის წინააღმდეგ. ობიექტურობისთვის აქვე, ალბათ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ გია ხუხაშვილმა ლაშა ამირეჯიბს სასამართლოში უჩივლა და საქმე, ფაქტების არარსებობის გამო, ლაშა ამირეჯიბის თხოვნით, მორიგებით და კაცურად, ხელის ჩამორთმევით დასრულდა; ისევე როგორც „თავისუფლებისათვის მებრძოლი“ უფლებადამცველი ფარესიშვილი არენიდან ხვედელიძის დაკავებისთანავე გაუჩინარდა და ბოლო ერთი წელია, მისი არც ერთი სკანდალური განცხადება არავის მოუსმენია, გარდა იმისა, რომ პერიოდულად იცავდა ირაკლი ღარიბაშვილს… ჩემგან!!!
კვერცხების სკანდალი არ აღმოჩნდა ეფექტური!!!
ივანიშვილი კვლავინდებურად ენდობოდა მის „ლუბიმჩიკს“. საჭირო იყო ფაქტი, სავარაუდოდ, ჩანაწერი, რომელიც პრემიერს ხვედელიძის „ორგულობაში“ დაარწმუნებდა. სწორედ ამიტომ შეიქმნა მითი ხვედელიძის მიერ ვაჟა ლელუაშვილის მფარველობაზე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: იმის მიუხედავად, რომ ლელუაშვილი სწორედ ხვედელიძემ გაუშვა ციხეში. აქ თამაშში კიდევ ერთი პირი, „კუდის“ ყოფილი თანამშრომელი, თემურ კენკებაშვილი შემოიყვანეს. კენკებაშვილი გენერალ თამაზაშვილს ამირან ტოტიკაშვილმა მიუყვანა. დეტალებზე აღარ შევჩერდები, რადგან თემურ კენკებაშვილის სკანდალური ინტერვიუ, რა დავალება ჰქონდა მას, „ქრონიკა+“-ში უკვე გამოქვეყნდა. მკითხველს მოკლედ შევახსენებთ: კენკებაშვილი „მოდულის“ შენობაში უნდა შესულიყო ხვედელიძესთან შესახვედრად, ჩამწერ მოწყობილობას მას უკვე შენობის შიგნით მისცემდნენ, უნდა შეხვედროდა გელა ხვედელიძეს და გადაეცა მისთვის მოკითხვები და ვაჟა ლელუაშვილის თხოვნები. ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილისთვის მზადდებოდა, მაგრამ აქ მოხდა ერთი „იაღლიში“ _ გელა ხვედელიძე კენკებაშვილს არ შეხვდა და გეგმა ჩაიშალა!!!
სამაგიეროდ, ხვედელიძემ დაუშვა გამოუსწორებელი შეცდომა და შეხვდა ლაშა ამირეჯიბს. შეხვდა არა მის სამუშაო კაბინეტში, არამედ ნუგზარ ფოფხაძის სახლში. ჩანაწერიდან, რომელიც ახლა გამოვაქვეყნეთ, მარტივად ჩანს, რომ მინისტრის კაბინეტში მისულ ლაშა ამირეჯიბს, რომელიც იმ დროისათვის მწვავე განცხადებებს აკეთებდა ხელისუფლების წინააღმდეგ, ახვედრებენ გელა ხვედელიძეს. ამირეჯიბისვე განცხადებით, ისინი კამათობენ და ხვედელიძე ამ შეხვედრას ტოვებს. ლოგიკურად ისმის კითხვა, _ თუ ამირეჯიბი ებრძოდა ხელისუფლებას, რა ესაქმებოდა მას მინიმუმ სამჯერ შინაგან საქმეთა მინისტრთან და რა საჭირო იყო მასთან კიდევ ერთი შეხვედრა? ყველა ვარაუდით, იმიტომ რომ მეორე შეხვედრაზე, ამჯერად არა მინისტრის კაბინეტში, ხვედელიძე შეიძლება უფრო გულახდილი ყოფილიყო და ჩანაწერში, იქნებ, რამე დამატებით ეთქვა. ლაშა ამირეჯიბისა და გელა ხვედელიძის შეხვედრის სკანდალური ჩანაწერი „ქრონიკა+“-მა ექსკლუზიურად გამოაქვეყნა. ამ ჩანაწერის მიხედვით, ირკვევა, რომ შეხვედრა ლაშა ამირეჯიბის ინიციატივა იყო, მან სთხოვა მამის მეგობარს, სწორედ მის სახლში მომხდარიყო მისი და მინისტრის მოადგილის პრივატული შეხვედრა.
რატომ წავიდა ხვედელიძე ლაშა ამირეჯიბთან შეხვედრაზე, მაშინ, როცა მინისტრის კაბინეტში მათი შეხვედრა ჩხუბით დასრულდა? არსებობს ერთადერთი და ლოგიკური ვერსია _ ხვედელიძე ამირეჯიბთან შეხვედრაზე მინისტრის დავალებით წავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სკანდალურ საქმეზე ხვედელიძე დღემდე არ საუბრობს, დედამიწის ზურგზე არ არსებობს ადამიანი, რომელიც ჩემს დარწმუნებას სხვა ვერსიაში შეძლებს _ გელა ხვედელიძე მინისტრის ნებართვის გარეშე პრივატულ შეხვედრაზე არ წავიდოდა!!!
შეხვედრის ჩანაწერი არსებობს და ამ ჩანაწერში ცხადად ჩანს _ ე. წ. კვერცხების საქმეზე მინისტრის მოადგილე მკაფიო განმარტებებს იძლევა, რომ თურქეთიდან შემოტანილ კვერცხებზე ხდება შტამპის გადარტყმა და ფასის მომატება; რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც ყველაფერი რიგზე არ არის და კორუფციასთან ბრძოლა დაჭერებით დაიწყება. საუბარი დასასრულისკენ მიდის და აქ უკვე ჩნდება ფარესიშვილის ფირის ნაწილი. პირადი ცხოვრების ამსახველ ფირზე საუბარს ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი იწყებს _ ის აფრთხილებს ლაშა ამირეჯიბს, რომ ფარესიშვილზე სკანდალური ფირი არსებობს, რომ ის წლების წინათ „ასავალ დასავალში“ შემოაგდეს და ამ რეპუტაციის კაცთან მეგობრობა სასურველი არ არის. ხვედელიძე ჩანაწერში არც ერთ სიტყვას არ ამბობს არც ფირზე, არც იმაზე, რომ ფირის არსებობა იცის და არც მით უფრო იმაზე, რომ ფირი შეიძლება გამოქვეყნდეს. სწორედ ამ ჩანაწერის ეს ფრაგმენტი გახდა ირიბი საბაბი იმისა, რომ ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირის გამოქვეყნება გელა ხვედელიძის სახელს დაკავშირებოდა. ზუსტად ვიცი ისიც, რომ ამ ჩანაწერის თაობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა წინასწარ იცოდა, ჩანაწერი მას სამინისტროში გვიან ღამით ლაშა ამირეჯიბმა მიუტანა და მოასმენინა!!!
თუ ყურადღებით დაუკვირდებით ზემოთ გამოქვეყნებულ სკანდალურ ჩანაწერს, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება გენერალ თამაზაშვილისა და ლაშა ამირეჯიბის ბოლო შეხვედრისა და საუბრის თარიღს _ 2013 წლის, 7 მაისი. მინისტრის სიმამრი ამირეჯიბთან ურთიერთობას ამთავრებს. ეს ზუსტად ის დროა, როცა სკანდალი პიკს აღწევს _ გელა ხვედელიძის ბედი უკვე გადაწყვეტილია, 12 მაისს ხვედელიძეს თანამდებობიდან ათავისუფლებენ და მას აკავებენ… ლაშა ამირეჯიბი კი უკვე საჭირო აღარ არის!!!
„ქრონიკა+“ დეტალურად წერდა ხვედელიძის სისხლის სამართლის საქმის დეტალებზე. ხვედელიძის საქმე გენერალურმა ინსპექციამ შეკერა, რომელსაც პრემიერის ცოლის მამიდაშვილი, ზვიად ჯანყარაშვილი ხელმძღვანელობდა. პირადად ჩავწერე ამ საქმის ერთადერთი ცრუმოწმე, ირაკლი გელიტაშვილი, რომელმაც ჩემთან საუბარში ვერც ხვედელიძის ნათესაობა დაადასტურა, ვერც მის ჩვენებაში დასახელებული შეხვედრის ადგილი აღწერა და ბოლოს იძულებული გახდა, ეღიარებინა, _ მიმიყვანეს და ჩვენება დამაწერინესო. სასამართლო პროცესს გრიფი საიდუმლო დაედო. ერთადერთ სხდომაზე, რომელიც ჟურნალისტებისთვის საჯარო იყო, გელა ხვედელიძემ განაცხადა, რომ ის ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნა _ ხვედელიძის არც ერთ კომპიუტერში არ აღმოჩნდა არანაირი კვალი, რაც ამ საქმესთან მის მონაწილეობას დაადასტურებდა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პროცესი ისე დასრულდა, რომ გენინსპექციის ერთადერთი ცრუმოწმე პროცესზე არ მოიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ საქმე თეთრი ძაფითაა შეკერილი _ გელა ხვედელიძე დღეს ერთწლიან პირობით სასჯელს იხდის. ამ დრომდე მთავარ პროკურატურაში თაროზე დევს „ქრონიკა+“-ის ჟურნალისტური გამოძიების მასალები, რომლებიც ადასტურებს, რომ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირის ატვირთვა სრულიად სხვა მისამართიდან და ოფისიდან მოხდა. გამოძიება არც კი დაწყებულა!!!
გელა ხვედელიძის სამინისტროდან წასვლის შემდეგ უწყებაზე სრული კონტროლი მოიპოვა გენერალმა თამაზაშვილმა და მისმა დისშვილმა, ზვიად ჯანყარაშვილმა. ეს პირველი პრეცედენტია ქართული პოლიციის ისტორიაში, როცა ძალოვან უწყებას არაუფლებამოსილი პირები _ ბიძა და დისშვილი მართავენ. ხვედელიძის მაგალითის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა მინისტრის არც ერთ მოადგილეს არ უფიქრია ე. წ. კახელების კლანისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
სწორედ აქედან იწყება გენერალ თამაზაშვილის „ლეგენდარული“ მარნის ეპოპეა. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ მარანში ხდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების შერჩევა და დანიშვნა;
სწორედ ამის შემდეგ მინისტრის პირველი მოადგილე ხდება გიორგი ზედელაშვილი, რომლის სახელსაც უკავშირდება ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული „სერპანტინის“ სკანდალი და 80 მილიონის მოგებული ტენდერები; სწორედ ამ სკანდალის გამო მოუხდა მას თანამდებობის დატოვება;
სწორედ ამის შემდეგ ზვიად ჯანყარაშვილის გავლენები ცდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარგლებს და მისი ბიზნესპარტნიორები ინიშნებიან სხვადასხვა წამყვან თანამდებობებზე სხვადასხვა უწყებებში; სწორედ ამ სკანდალის გამო უწევს მას ჯერ გენინსპექციის უფროსის, ხოლო მოგვიანებით პარტიის აღმასრულებელი მდივნის პოსტის დატოვება;
სწორედ ამის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი ხდება ალექსანდრე ჭიკაიძე, რომელიც თანამდებობისთვის შერჩეულია მხოლოდ ერთი ნიშნით _ იყოს გენერალ თამაზაშვილის დავალებების უსიტყვო შემსრულებელი.
მინისტრობამდე ჭიკაიძე ხდება თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსი, ამ პოსტიდან კი მის გამო ათავისუფლებენ ახლაგაზრდა კაცს, რომლის უწყებაში დატოვების თხოვნით თამაზაშვილთან მისი დიდი ხნის მეგობარი მიდის, რომელსაც გენერალი ამ სიტყვებით ისტუმრებს, _ რა გულუბრყვილო ხარ…
სწორედ ამის შემდეგ სასაზღვრო პოლიციის უფროსი ხდება ზურაბ გამეზარდაშვილი, რომელიც თამაზაშვილის პროტეჟეა;
სწორედ ამის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში „კანონიერ ქურდებთან“ ბრძოლის დეპარტამენტის უფროსი ხდება ყვარლის პოლიციის უფროსის მოადგილე, ლევან ცუკოშვილი, რომელიც პირველი ოქტომბრის არჩევნების წინ კახეთში მეგაფონით დარბოდა და იძახდა, _ ძირს ბიძინა, დასრულდა ბიძინაობაო! ვიდეომასალა, რომელიც კახეთიდან მომაწოდეს, ამ დღეებში ხელახლა გამოვაქვეყნე. როგორც მეუბნებიან, იმ პირმა, რომელმაც აღნიშნული მასალა გადაიღო, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა;
სწორედ ამის შემდეგ ანტიტერორისტული ცენტრის უფროსს, ლევან კახიანს, რომელიც პირადად ხელმძღვანელობდა ვარციხის სპეცოპერაციას, რომლის დროსაც სამი უდანაშაულო ახალგაზრდა გარდაიცვალა, მეორედ აწინაურებენ და მას მიგრაციის დეპარტამენტს აბარებენ, მოადგილედ კი გიორგი ღარიბაშვილს უნიშნავენ, რომელიც ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი იყო არჩევნებამდე;
სწორედ ამის შემდეგ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ ინიშნება ოთარ მირზოევი, რომელიც „კორტების“ სპეცოპერაციაში პირადად მონაწილეობდა;
სწორედ ამის შემდეგ თბილისის პოლიციის უფროსი ხდება გიორგი დალაქიშვილი, რომელიც ასევე მონაწილეობდა „კორტების“ სპეცოპერაციაში;
სწორედ ამის შემდეგ,კრიმინალური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა შსს მე-7 სამმართველოს უფროსი დავით მხეიძე.
სწორედ ამის შემდეგ,ნამგალაურის ზონდერი ირაკლი სამყურაშვილი ხდება შსს გენერალური ინსპექციის შეფი.
სწორედ ამის შემდეგ, ადმინისტრაციის უფროსად ინიშნება ამირან მესხელის ნათესავი და უახლოესი მეგობარი შალვა ნათენაძე, რომლის ინტრიგების წყალობითაც პოლიციიდან ბევრი ღირსეული ადამიანი მიდის.
სწორედ ამის შემდეგ, ძველი თბილისის სამმართველოს უფროსად ინიშნება რონი მესხი.ახალაიას უწყების ყოფილი მაღალჩინოსანი და “მასტერას” მარჯვენა ხელი.
სწორედ ამის შემდეგ მინისტრის მრჩევლის პოსტს ინარჩუნებს ვანო მერაბიშვილის მოადგილე შალვა ჯანაშვილი, რომელიც პირადად ხელმძღვანელობდა 7 ნოემბრისა და 26 მაისის დარბევებს;
სწორედ ამის შემდეგ თბილისში მშვიდად დადის ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე, გია ლორთქიფანიძე, მეტსახელად „ბოროტა“, რომელიც პირადად ხელმძღვანელობდა ლაფანყურის სპეცოპერაციას და რომელსაც, ბოლო დროს, სისტემატურად ხედავდნენ ზვიად ჯანყარაშვილთან ერთად „რედისონში“;
სწორედ ამის შემდეგ… შვილის საფლავზე მხეცურად კლავენ იური ვაზაგაშვილს!!!
გავაგრძელო თუ საკმარისია?!!
სია ძალიან გრძელია !!!
წერილი მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე “ქრონიკა +”-ის ჟურნალისტს დავით დევიძეს გადასცა იურა ვაზაგაშვილმა.
შვილმკვდარი მამის აფეთქება შვილის საფლავზე წყალგამყოფია. ამის მერე ან იწყება დიდი სახელისუფლებო წმენდა, ან „ოცნების“ ხელისუფლება მიდის სახლში!!!
P. S. პირადად ჩემთვის ამ ყველაფრის მიღმა დგას ახალგაზრდა კაცის ადამიანური ტრაგედია, რომელიც უბრალოდ და მარტივად გახდა საკუთარი ცოლის ნათესავების მძევალი.
ბატონო პრემიერო, თქვენც დაგიდგებათ დრო, როცა გიღალატებენ მეგობრები და დარჩებით მარტო. გადადგომის შემდეგ ბევრი დრო გექნებათ ფიქრისთვის და დარწმუნებული ვარ, ყველაზე ხშირად ის ისტორია გაგახსენდებათ, რომელზეც ახლა დავწერე. სწორედ მაშინ მიხვდებით, რომ არანაირი გავლენა, ფული და თანამდებობა მეგობრების გაწირვად არ ღირს. ეს ბუმერანგის პრინციპია და აუცილებლად ბრუნდება უკან!!!
“ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტრი ელისო კილაძე

2015 წლის 28 იანვარი !

 

 

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი: არ მიყვარს სიტყვა გამოვრციხავ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებაზე საუბარი არ არის
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: დღეს საქართველოში მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების მომსწრე გავხდით