გია ვოლსკი: არ მიყვარს სიტყვა გამოვრციხავ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებაზე საუბარი არ არის

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრად ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებაზე საუბარი არ არის, თუმცა, ის არაფერს გამორიცხავს.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის თქმით, საქართველოს მომავალი პრემიერობის ერთ-ერთი კანდიდატი საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილია, თუმცა, გაგრძელდება ინტენსიური კონსულტაციები და პრემიერის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

„რაც დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, გვექნება კონსულტაციები და უფრო ზუსტ ინფორმაციას მოგაწოდებთ. მათ შორის ერთ-ერთი გიორგი კვირიკაშვილია. რასაკვირველია, ხალხს კანდიდატურები უფრო აინტერესებს, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ წინასწარი განცხადებებისგან თავი უნდა შევიკავოთ. დღეს იქნება საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციები და უკვე თბილისში გაგრძელდება და ალბათ, შაბათს, დღის განმავლობაში იქნება გადაწყვეტილება ცნობილი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დეპუტატმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს შეეძლო მეტი ესაუბრა ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.

„ვფიქრობ, ირაკლი ღარიბაშვილს შეეძლო მეტი ესაუბრა იმ გამოწვევების შესახებ, რაც საქართველოს წინაშე იდგა, რთველის ჩაშლის მცდელობიდან ევროინტეგრაციამდე და იმ გამოწვევებზეც, რომელიც მიმართული იყო ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინააღმდეგ. ასევე, იმ კანონმდებლობაზე, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ შემოიტანა. უნდა გვესაუბრა რეფორმებზე, რომელიც ჩვენ და მთავრობამ ერთად გავაკეთეთ. ვფიქრობ, მობილიზება საჭიროა და მთავრობის და პარლამენტის საქმიანობის ხარისხი იქნება მაჩვენებელი იმისა, თუ რას ვგეგმავთ და როგორ შეიძლება 2016 წელი საქართველოს მოსახელობამ უკეთესი იხილოს, ვიდრე გასული წლები“, – აღნიშნა დეპუტატმა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის თანამდებობაზე დაბრუნების თაობაზე, ხელისუფლებაში საუბარი არ არის.

„კონსულტაციების საკმაოდ მწყობრი სისტემაა ჩვენთან ჩამოყალიბებული, როდესაც ყველამ იცის თავისი ადგილი, როდის უნდა აკეთოს განცხადებები. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილიც ჩართულია, მაგრამ არა ისე, როგორც სპეკულირებენ. არ მიყვარს სიტყვა გამოვრციხავ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებაზე საუბარი არ არის და ვფიქრობ, არც იქნება“, – განაცხადა დეპუტატმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ მინისტრებს უფლებამოსილება შეუწყდათ
შემდეგი სტატიაელისო კილაძე:ან იწყება დიდი სახელისუფლებო წმენდა, ან „ოცნების“ ხელისუფლება მიდის სახლში!!!