კახა კალაძემ პრემიერს და მთავრობის წევრებს მადლობა გადაუხადა

ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, “ღია მმართველობის” ფარგლებში ენერგეტიკის სამინისტროს სამწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში გამართულ პრეზენტაციას საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტარები, დიპლომატიური კორპუსი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები, ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელები, ექსპერტები, დარგის ინვესტორები და სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკული ფაკულტეტის ლექტორები და სტუდენტები დაესწრნენ.
კახა კალაძემ პრეზენტაციის დასაწყისში ახალგაზრდობას, სტუდენტებს, აბიტურიენტებს მიმართა და აღნიშნა, რომ ენერგეტიკა დღეს არის დარგი, რომელიც განიცდის აღმავლობას და ქვეყანაში ერთ-ერთი ძლიერი და მნიშვნელოვანი მიმართულება ხდება.
“ამ პროცესში პრინციპულად მნიშვნელოვანია ახალი სისხლი, თქვენი-სტუდენტების და ახალგაზრდა პრაქტიკოსების ჩართულობა. თქვენ უნდა დანერგოთ და აითვისოთ ენერგეტიკაში ახალი ტექნოლოგიები. უნდა უზრუნველყოთ სისტემის გამართული და უხარვეზო მუშაობა, უნდა მიიღოთ სტრატეგიის დაგეგმარებაში მონაწილეობა, გახადოთ პროცესები გამჭვირვალე და პროგრესირებადი, საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღებთ ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებულ სფეროს, რის შედეგებსაც მომავალი თაობა დაინახავს. მივმართავ ყველა თაობის პროფესორ-მასწავლებლებს და მეცნიერებს, დავდგეთ ერთად და გავზარდოთ პროფესია ენერგეტიკოსის პრესტიჟი, რათა ახალმა თაობამ ამ მიმართულებით შექმნას მომავალი. დღეს ჩვენ ვქმნით იმ ფუნდამენტს, რომელიც აუციელებლია დარგის განვითარებისათვის, ეს არის სფეროს პოპულარიზაცია, დასაქმების პერსპექტივა, ნოვატორიული მიდგომები. ჩვენ პოლიტიკოსები ვმუშაობთ იმისთვის, რომ შევქმნათ ჯანსაღი გარემო, გავმიჯნოთ ენერგეტიკის თემა და პოლიტიკა. აღვადგინოთ ის შელახული იმიჯი, რაც გამოიწვია ხელისუფლების ცვლამ და საბოლოოდ გავათავისუფლოთ ეს დარგი დამკვიდრებული არასწორი სტერეოტიპისგან. დღეს ჩვენი მთავარი მიღწეული შედეგია, ის გარემო, სადაც მოვახდინეთ პიროვნული ინტერესებისა და პოლიტიკური რეალიების გამიჯვნა”, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, პროცესები არის გამჭვირვალე და სტაბილური, რასაც ხელი შეუწყო ამ დარგში განხორციელებულმა ინვესტიციებმა.
“ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს, ბევრი განხორციელდა და ძალიან დიდი მასშტაბური პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი. მე ძალიან ხშირად ვიმეორებ და დღესაც გავიმეორებ, რომ 70-იანი წლების შემდეგ, საქართველოს ენერგეტიკაში ასეთი აღმავლობა, ასეთი მასშტაბური ინვესტიციები არ განხორციელებულა. ის, რაც გაკეთდა, თითოეული ჩვენგანის დამსახურებაა”, – განაცხადა კალაძემ.
მან პრემიერ-მინისტრს, მთავრობის თითოეულ წევრს თანადგომისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
“რომ არა ის მხარდაჭერა, რასაც ისინი იჩენენ ამ დარგის მიმართ წარმოუდგენელი იქნებოდა ამ დარგში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობის რეაბილიტაციის შემდეგ დევნილებს ბინები გადაეცემათ
შემდეგი სტატიასოფელ წითელუბნის ტერიტორიაზე ორი მწყემსი დააკავეს