ირაკლი ალასანია: ბიძინა ივანიშვილი “თავისუფალ დემოკრატებს” ძლიერ პოლიტიკურ ოპონენტებად მიიჩნევს

ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა

დარწმუნებული ვარ, ე.წ. კაბელების საქმე მალე შეწყდება, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

“ჩემთვის ეს გამარჯვების დღე იყო, რადგან ეს ადამიანები უსაფუძვლოდ იყვნენ დაპატიმრებული. მოსამართლემ არგუმენტირებული გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ გული მწყდება, რომ პროკურატურა იყო პოლიტიკურად მოტივირებული. დარწმუნებული ვარ, ეს საქმე მალე შეწყდება”, – აცხადებს ალასანია.

ინტერვიუში “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებასაც პასუხობს, რომელიც ალასანიას “ყალბ პოლიტიკოსად” მოიხსენიებს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი “თავისუფალ დემოკრატებს” ძლიერ პოლიტიკურ ოპონენტებად მიიჩნევს, ამიტომ მათ წინააღმდეგ ბრძოლის ასეთ მეთოდებს იყენებს.

“სააკაშვილის დროს ათასობით ადამიანი იჯდა ციხეში, მაგრამ თუ დღეს ხუთი უდანაშაულო პირის პატიმრობას არ მოერიდნენ, თუ დასჭირდებათ, 500 ადამიანის ციხეში გამოკეტვაზეც არ იტყვიან უარს”, – აღნიშნავს “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი.

გარდა ე.წ. კაბელების თემისა, “კვირის პალიტრასთან” ირაკლი ალასანია საფრანგეთთან საჰარეო თავდაცვის შესახებ ხელშეკრულებაზეც საუბრობს და საკითხის კონტექსტში ეხმაურება თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებასაც იმის თაობაზე, რომ ალასანიას მინისტრობის დროს აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ სურვილების კასკადი იყო. “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის თქმით, მისი მინისტრობის დროს საქართველოს ჯარმა ღირსეულად იგრძნო თავი.

“თინამ მოგვიანებით საკუთარი განცხადება შეცვალა, ასე რომ, რამდენჯერაც ის აზრს შეიცვლის, კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება შედეგებს, ჩვენი განხორციელებული ანტიკრიზისული გეგმები ევროპამ სამაგალითოდ გამოაცხადა, ნატო-მ ყველაზე თავსებად არაწევრ ქვეყნად გვაღიარა. უელსის სამიტზე მნიშვნელოვანი პაკეტი მივიღეთ… ჩემი მინისტრობისას საქართველოს ჯარმა ღირსეულად იგრძნო თავი”, – აცხადებს ალასანია “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაში“ამას “ამაზონის” სერვერი გაუძლებდა მხოლოდ”, – რატომ არის შეჩერებული biletebi.ge-ზე Uefa-ს სუპერთასის ფინალის ბილეთების გაყიდვა
შემდეგი სტატიაგურჯაანში 2 არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს