დარიალის ხეობაში ამ დრომდე მეწყერსაშიში ვითარებაა

დარიალის ხეობაში ამ დრომდე მეწყერსაშიში ვითარებაა. დევდორაკის მყინვარზე ღვარცოფის განმეორებას არ გამორიცხავენ, სპეციალისტების დაკვირვებით ინერტული მასალის ნაწილი რომელიც გუშინ ჩამოიშალა ბოლომდე ჩამოსული არ არის და ამინდის გაუარესების შემთხვევაში ახალი ნაკადის ჩამოწოლას ელოდებიან.

ამ დრომდე გაწმენდითი სამუშაოების დაწყება დანგრეულ გზის მონაკვეთზე ვერ ხერხდება. ადგილზე რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები სპეციალისტებთან ერთად მუშაობენ. არ არის გამორიცხული, რომ დარიალის ხეობის დამეწყრილ ტერიტორიაზე ახალი გზის გაყვანა გახდეს საჭირო, რადგან ძველი გზის აღდგენა სავარაუდოდ ვეღარ მოხერხდება.

ვერტმფრენით უკვე დაათვალიერეს მყინვარის ტერიტორია. პარალელურად ღვარცოფის ტერიტორიიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განხორციელდა. დარიალის მონასტერში მყოფი მგზავრები და გამშვები პუნქტის თანამშრომლები ვერტმფრენით დღეს გამოიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ სტიქია დარიალის ხეობაში გუშინ საღამოს დაიწყო. უხვი ნალექის შედეგად ღვარცოფული ნაკადი წარმოიშვა. დევდორაკის მყინვარზე ინერტული მასალები ჩამოწვა რამაც თერგი ჩახერგა და კალაპოტი შეუცვალა მდინარეს. ხეობიდან და სასაზღვრო გამშვები პუნქტ ყაზბეგიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

banner
წინა სტატიაშიდავით ბერძენიშვილი: გადაწყვეტილება, მომავლის ნაცვლად, მიიღო ბრიტანულმა პროვინციამ, ჯენტლმენურმა ინგლისმა
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიების დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს