შს მინისტრმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ სოციალური კამპანიის – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში გამოცხადებულ ესეებისა და ნახატების კონკურსში გამარჯვებულები საჩუქრებითა და მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

გიორგი მღებრიშვილმა სკოლის მოსწავლეებს პროექტში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

“იცით, რატომ იყო ეს კონკურსი ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ასეულობით ბავშვმა დაიწყო ფიქრი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და ეს ჩემთვის და ჩემი უწყებისთვის ძალიან დიდი გამარჯვებაა. დანაშაულის პრევენცია, ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება პირდაპირ კავშირშია ბავშვებისა და მოზარდების შესაბამის განათლებასთან. ამ მიზნით, ჩვენ ბევრ პროექტს ვახორციელებთ. მალე საქართველოში პატარებისთვის „უსაფრთხო სოფელი“ შეიქმნება, სადაც ბავშვებს გასაგებ ენაზე, შემეცნებით-გასართობი მეთოდებით, უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს აზიარებენ. გმადლობთ ყველას, რომ ერთად გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი უსაფრთხო საგზაო მოძრაობისკენ“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, კონკურსისთვის სპეციალურად შერჩეული ჟიურის წევრებმა მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი, ფინალურ ეტაპზე გასული 500-მდე ესედან და ნახატიდან 9 გამარჯვებული და 21 საუკეთესო ნამუშევრის ავტორები გამოავლინეს და დააჯილდოვეს. ასევე, დაჯილდოვდა კონკურსში მონაწილე მაკეტის ავტორიც.

ნახატების კონკურსში გამარჯვებული უმცროსკლასელები არიან, ქრისტინე ხითარიშვილი – ქ. ბორჯომის N1 საჯარო სკოლის მე-6კლასის მოსწავლე; ანა კურტანიძე – ქ. თბილისის N39 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე; მარიამ ზირაქიშვილი – გურჯაანის მუნიციპალიტეტის კაჭრეთის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსაწავლე.

რაც შეეხება ნახატების კონკურსში გამარჯვებული უფროსკლასელებს: თამთა ნაცვლიშვილი – ქ. თბილისის N180 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე; მარიამ ტოგონიძე – ქ. რუსთავის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე; ვალერია მელიქიანი – ქ. თბილისის N96 საჯარო სკოლის მე-8კლასის მოსწავლე.

ესეების კონკურსში გაიმარჯვეს: ოლანი ბიწაძე – ქ. ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე; მარიამ აბაშიძე – ქ. რუსთავის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე; გვანცა ბარბაქაძე – ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე. მაკეტის ავტორი: გიორგი ხაჟალია – ქ. სამტრედიის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე.

ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თეა პერტაია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკისა და პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ფიქრია მიქაბერიძე, ამავე სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ია ვახტანგიშვილი, თბილისის საკრებულოს წევრი, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე, „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის – „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელი ეკა ლალიაშვილი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე, მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი, მხატვარი გუგა თევდორაძე და ფსიქოლოგი ნანა ჩიჩუა.

”კონკურსი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა სკოლაში ჩატარდა, თემაზე – ”ერთად დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები, ერთმანეთის გულისთვის“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ გრძელვადიანი, ფართომასშტაბიანი სოციალური კამპანია 2015 წელს დაიწყო. კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება”, – განმარტავენ სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატიაერთიან ეროვნულ გამოცდებზე 400-ზე მეტი აბიტურიენტი არ გამოცხადდა