პირველი ბზარი ,,მოკავშირე,, რუსეთსა და საფრანგეთს შორის – სირიაში…

ტერაქტებით დაზარალებული საფრანგეთის მიერ სირიაში განხორციელებულ  ავიადარტყმებზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის  პირველ რეაქციას და ფრანგების – სირიაში მოკავშირეებად დასახელებას, ორიოდე დღეში, ორ ქვეყანას შორის პირველი ბზარების გააჩენა მოჰყვა…

17 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შემდეგი სახის ბრძანება გასცა სირიაში დისლოცირებულ რუსული ავიაციასა და ფლოტს: ,,თქვენი მოქმედების ზონაში, უახლოეს ხანებში  შემოვა საფრანგეთის საზღვაო სამხედრო ძალების ჯგუფი, ავიამზიდის მეთაურობით. უნდა დაამყაროთ ფრანგებთან პირდაპირი კონტაქტი და იმოქმედოთ მათთან როგორც მოკავშირეებთან,,

მიუხედავად პუტინის ბრძანებისა, რუსეთმა ძალიან მოკლე დროში, სირიაში საფრანგეთის მიერ განხორციელებულ ოპერაციებში საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგო  მოქმედებები დაინახა…

საქმე სამომავლო სტრატეგიებს შორის რადიკალურ განსხვავებას ეხება, რაც რუსეთის მხრიდან ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების შენარჩუნება-გამაგრებას ემსახურება… რუსეთის ხელმძღვანელობის აზრით კი, ეს საკითხი საფრანგეთს დიდადა არ ადარდებს…

რუსეთის საგარეო უწყება, ბოლო საათებში გაკეთებული განცხადებებით, საფრანგეთს ასადის უკითხავად მის ქვეყანაში მოქმედება და ისლამისტთა კონტროლირებადი ნავთობ-ბაზების მასიური განადგურებაზე უცხადებს პროტესტს…

,,მოსკოვი მხარს ვერ დაუჭერს ფრანგული ავიაციის მიერ ,,ისლამური სახელმწიფოს,, კონტროლქვეშ არსებული ნავთობის ინფრასტრუქტურის მასობრივ განადგურებას და ამ მოქმედებების სირიის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად განხორციელებას,, აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი გამოწვევებისა და საფრთხეების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილია როგაჩოვი.

რუსეთის აზრით, საფრანგეთი თავისი მოქმედებების მოტივაციად ტერორისტებისაგან თავდაცვას, და გაეროს წესდების 51-ე მუხლს იშველიებს, რაც ისლამისტთა პოზიციებზე დარტყმის დროს გასაგები შეიძლება იყოს, თუმცა გაუგებარია, როდესაც ფრანგული ავიაცია ნავთობის ინფრასტრუქტურებს ანადგურებს. რუსეთის საგარეო უწყება თვლის, რომ ისლამისტების ხელში არსებული ნავთობის ინფრასტრუქტურის განადგურება, საბოლოო ჯამში ასადის ხელისუფლების ეკონომიკურ დაკნინებას ისახავს მიზნად, რამეთუ რუსული ავიაციის მხარდაჭერით გადამწყვეტ შეტევაზე გადასული სირიის სამთავრობო არმია, ამ ნავთობ-ბაზებს მალევე დაეპატრონებოდა და მათ საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოიყენებდა. ამიტომაც რუსეთის აზრით, საფრანგეთმაც თავისი მოქმედებები ასადთან უნდა შეათანხმოს თუმცა თვლის, რომ ასადი როგორც დასავლეთისთვის, საფრანგეთისთვისაც მიუღებელია…

,,გამომდინარე იქიდან, რომ ბაშარ ასადი და ,,ისლამური სახელმწიფო,, საფრანგეთისთვის ერთნაირად მიუღებელია, ისინი მსგავსი ავიადარტყმებით ზიანს აყენებენ ორივეს,, აცხადებს რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი, რომელიც ასევე ხაზს უსვამს რუსეთის გადამწყვეტ როლს ,,ისლამური სახელმწიფოს,, წინააღმდეგ ბრძოლაში, რამაც დასავლური კოალიციაც გააქტიურა… ,,რომ არა რუსეთის მიერ განხორციელებული მოქმდებები, რომელიც ამ ქვეყანაში სირიის ხელმძღვანელობის თხოვნით მოქმედებს… საკითხავია ისახავდა თუ არა დასავლური კოალიცია ,,ისლამური სახელმწიფოს,, დამარცხებას?,, აცხადებს ილია როგაჩოვი და საფრანგეთს ასადთან შეთანხმებული მოქმედებებისკენ მოუწოდებს.

რუსი დიპლომატი  არ გამორიცხავს, რომ ,,ისლამურმა სახელმწიფოს,, შესაძლებელია რუსეთში სიტუაციის გამწვავების მცდელობა ჰქონდეს… ,,ყველა მუქარა რუსეთის უსაფრთხოების მიმართ, მუშავდება მთელი სერიოზულობით და მაღალი პროფესიონალიზმით… ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტებთან ბრძოლის გამოცდილება, არის ამ მხრივ უნიკალური და ის რუსეთს უსაფრთხოების დაცვაში დაეხმარება,, აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

რუსულ მედიაზე დაყრდნობით

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

banner
წინა სტატიაშიქალაქ პარდუბიცში რუსული დროშები გამოფინეს
შემდეგი სტატიაოქსფორდის უნივერსიტეტის ქალ რეგბისტთა გუნდი… (ფოტოალბომი)