პეტრო პოროშენკო – გადავამოწმე ინფორმაცია, უკრაინამ სააკაშვილის ექსტრადირებაზე უარყოფითი პასუხი გასცა და დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ, მან ინფორმაცია გადაამოწმა, უკრაინამ ექსტრადირებაზე უარყოფითი პასუხი გასცა და დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა.

ამის შესახებ უკრაინის პირველმა პირმა საზოგადოებრივთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

საზოგადოებრივი დაინტერესდა, რატომ განუცხადა დღეს ქართველ ჟურნალისტებს პოროშენკომ, რომ საქართველოს არ მიუმართავს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით მაშინ, როცა ცნობილია, რომ 2015 წელს მთავარმა პროკურატურამ მოითხოვა ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადირება.

„სამწუხაროდ, არ ვიცოდი ამის შესახებ, მაგრამ მოხარული ვარ, რომ ეს საკითხი პრეზიდენტის ჩარევის გარეშე განიხილება. ახლა გადავამოწმე ინფორმაცია და უკრაინამ გასცა ექსტრადირებაზე უარყოფითი პასუხი და მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია. ჩვენ არ განგვიხილავს ექსტრადირების საკითხი ვიზიტის დროს, მაგრამ თუ ეს მომავალში მოხდება, ეს იქნება ძალოვანი სტრუქტურების და გენერალური პროკურორის პრეროგატივა, რომელიც ძალიან ყურადღებით განიხილავს ნებისმიერი დამნაშავის ექსტრადირების მოთხოვნას და ჩვენ დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ საქართველოსთან ნებისმიერი დანაშაულის გამოძიებაში. თუმცა, მე ამაში არ ვერევი. პერსონალურად არავინ განგვიხილავს, მათ შორის არც სააკაშვილი. ზოგადად სახელებს და გვარებს არ აქვს მნიშვნელობა, თუ დადასტურდება კრიმინალი, ცხადია, მოვიქცევით შესაბამისად“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

banner
წინა სტატიაშიპირველი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიაპეტრო პოროშენკო – უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა რუსეთთან პოლიტიკურ-დიპლომატიური დიალოგის შენარჩუნებაა