იუსტიციის სამინისტრომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის რეკომენდაციით პრეზიდენტს მიმართა.
როგორც ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უწყების დასკვნა შესაბამისი რეკომენდაციით დღეს გაიგზავნა.
“ჩვენ დღეს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გადავაგზავნეთ იუსტიციის სამინისტროდან დასკვნა, რომელშიც შეთავაზებულია, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, აწ უკვე უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს შეუწყდეს საქართველოს მოქალაქეობა. საბოლოო გადაწყვეტილება ხელმოწერით უნდა დაადასტუროს საქართველოს პრეზიდენტმა, თუკი ის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ სამინისტროს დასკვნას დაეთანხმება. ჩვენ გვქონდა ოდესის გუბერნატორისთვის მიცემული დაახლოებით ერთ თვე, როგორც ამას ითვალისწინებს პროცედურა ნებისმიერი სხვა მოქალაქის შემთხვევაში, რომ მას გამოეხატა თავისი პოზიცია. მას წერილი ჩაბარდა 3 ნოემბერს, თუმცა პასუხი არ გაუცია, ამიტომაც პროცედურა დაიძრა და დასკვნა ხელმოსაწერად უკვე გახლავთ საქართველოს პრეზიდენტთან”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.