ნანა თხელიძე-მე მზად ვარ ნაციონალური მოძრაობის ასაკრძალად ვიბრძოლო!

ლოზუნგიერთადერთი ქალი, რომელიც პოლიტპატიმრად აღიარა საქართველოს პარლამენტმა – ნანა თხელიძე – ყოფილი პროკურორი, რომელმაც თავის დროზე ეკა ხერხეულიძის სახლიდან მისი ნახევარძმის კუთვნილი 150 აბი სუბოტექსი ამოიღო და როცა საქმე დახურეს, თხელიძემ მომხდარი გაახმაურა…

დღეს ნანა თხელიძე საპარლამენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას. „თაიმერი“ გთავაზობთ ნანა თხელიძესთან ინტერვიუს:

_ არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ გადაწყვეტილება, მიმაღებინა დღევანდელმა რეალობამ. 4-5 თვეა რაც მედიასივრცე აქტიურად აშუქებს საარჩევნო თემებს, პოლიტიკოსები აკეთებენ კომენტარებს ამა თუ იმ მოვლენის შესახებ და არავინ საუბრობს ყველაზე მტკივნეულ საკითხზე – სამართლიანობაზე, კანონზე! სამწუხაროა, მაგრამ სამართლიანობის განცდა,  რომელიც საზოგადოებაში თავდაპირველად, 2012 წლის არჩევნების შემდეგ, დიდი დოზით იყო, მოისპო.

_ ძალიან უნდა მოინდომო ეს რომ მოახერხო.

_ გეთანხმებით და ამიტომ ყველა ცვლილება, რაც განხორციელდა 2012 წლიდან დღემდე,  გადაიფარა, თითქმის არაფერი შეცვლილა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ეს ეხება სამართლებრივ სივრცეს. თავდაპირველად გაკეთდა ენერგიული განცხადებები, რომ პროკურატურა გადახედავდა და გამოიძიებდნენ სისხლის სამართლის საქმეებს, შეიქმნა დეპარტამენტიც, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ რამდენიმე წართმეული მანქანა დაუბრუნეს პატრონებს, ღირდა კი ამ მანქანების დაბრუნება? ვარგისია ექსპლუატაციისათვის?

მოსწონს თუ არა ვინმეს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ რეალობაა – პარლამენტმა 200 ადამიანი აღიარა პოლიტპატიმრად! ვერავინ დაასახელებს თუნდაც ერთ პოლიტპატიმარს, რომლის საქმის ხელახალი გამოძიება მოხდა და დაისაჯნენ ის პირები, ვისაც ბრალი მიუძღოდა ამ ადამიანების უკანონო პატიმრობაში. არ მომხდარა არავის რეაბილიტაცია. პოლიტპატიმრების გარდა არიან ადამიანები, რომელთაც მართალია დანაშაული ქონდათ ჩადენილი, მაგრამ სასტიკად იყვნენ ნაწამები. დანაშაულის ჩადენა არ ნიშნავს იმას, რომ ისინი უნდა ეწამებინათ და ამიტომ მათი საქმეები უნდა გამოეძიებინათ, რაც არ მომხდარა.

_ ხელისუფლებამ ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებულიო. წულუკიანმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს ამ ადამიანების რებილიტაცია ძალიან ძვირ დაუჯდებაო. ანუ, თუ მოხდებოდა ნაწამები ადამიანების რეაბილიტაცია, ისინი სახელმწიფოს კომპესაციას მოსთხოვდნენ, ანაზღაურების საშუალება კი არ იყო.

_ ადამიანების განადგურება უფრო ძვირად არ ფასობს? ძალიან ბევრი ვიცი, ვინც კომპესაციაზე არც ფიქრობდა. ან თუნდაც მოეთხოვათ, არსებობს მაგალითები, როგორ ეტაპობრივად გადაუხადა კომპესაცია სახელმწიფომ დაზარალებულ მოქალაქეებს. ძალიან ბევრი საქმე არის სტრასბურგის სასამართლოში წასული, თუნდაც ათი საქმე განიხილოს სტრასბურგმა, ეს არ არის ქვეყნისთვის საზიანო?! პირველ რიგში ეტაპობრივად უნდა მომხდარიყო საკანონდმებლო ბაზის შეცვლა.

_ ვისაც შეეძლო საკანონმდებლო ბაზის შეცვლა მათ პირველ რიგში  „ბუსუსებიანი პრეზერვატივებზე“ იმსჯელეს. დღეს კი, ის ადამიანები, ვინც არაფერი გააკეთეს პარლამენტში ყოფნისას საკანონმდებლო კუთხით რაიმე ცვლილებები მომხდარიყო, გვთხოვენ ისევ ავირჩიოთ და ამჯერად მოახერხებენ კანონის დაკანონებასაც და საჭირო ცვლილებებსაც.

_ აი, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე არჩევნებში მიმეღო მონაწილეობის მიღება. აქამდე ვფიქრობდით, რომ პარლამენტში ორი პარტია იყო წარმოდგენილი, ახლა კი რა გვაქვს? „ოცნება“ ნაციონალებითაა გადავსებული, ნაციონალები კი არასდროს წავლენ საკანონმდებლო ცვლილებებზე, ამიტომ პარლამენტში, თუნდაც რამდენიმე ადამიანი უნდა შევიდეს, ვინც ეცდება მოახდინოს ზეწოლა და აიძულებს უმრავლესობას გადადგას ქმედითი ნაბიჯები.

_ საიდან დაიწყებდით?
_ ავიღებდი ერთ კონკრეტულ სს საქმეს და გამოვიძიებდი. ეს აუცილებლად იქნებოდა ნაწამები ადამიანის საქმე, რომელიც არ განეკუთვნება ე.წ. გახმაურებულ საქმეთა კატეგორიას. საგამოძიებო ორგანოსთვის და საზოგადოებისათვის ყველა საქმე ერთნაირად საინტერესო უნდა იყოს, სამწუხაროდ ჩვენში დამკვიდრდდა არასამართლებრივი ტენდენცია და შესაბამისი ტერმინებიც – გახმაურებული საქმე, პრიორიტეტული საქმე. რას ქვია პრიორიტეტული და გახმაურებული? განა ყველა ადამიანი კანონის წინაშე ერთნაირად არ ვაგებთ პასუხს? როგორ შეიძლება ერთი საქმე იყოს პრიორიტეტული და მეორე – არა?! კანონი ყველა ადამიანს ერთნაირად უნდა იცავდეს და დასასჯელს მისი დანაშაულის მიხედვით სჯიდეს. აქვე ვიტყვი, რომ „გახმაურებული საქმის“ არსებობა თავად სახელმწიფოს აძლევს ხელს, თქვენ ვერ დამისახელებთ თუნდაც ერთ ე.წ. გახმაურებულ საქმეს, რომელიც იქნა გამოძიებული. არც ერთი! და არც იქნება!

_ როგორც კერძო პირს არ გქონდათ საშუალება?

_ საიდან? მე შეიძლება მედიის საშუალებით ვთქვა გამოძიების დროს რა არის პრიორიტეტული, მაგრამ კონკრეტულ საქმესთან არანაირი წვდომა არ მაქვს. მე ვიცი პრაქტიკულად როგორ რა უნდა გაკეთდეს, ამათ კი თეორიულად იციან, თუმცა ისიც საკითხავია იციან კი? რომ იცოდნენ ასე ცუდად არ იქნებოდა საქმე…

_ წინასაარჩევნოდ მესმის, რომ თურმე ესა თუ ის პოლიტიკოსი ძალიან კარგი იურისტია და ის შეძლებს ცვლილებები განახორციელოს. ეს იმ დროს, როცა „კარგი იურისტები“ პარლამენტში იყვნენ…

_ რას ნიშნავს კარგი იურისტობა? იმას, რომ არ იციან თემა და მაინც საუბრობენ?

_ დაყენებული და „ბრძენი“ სახეებით.

_ დიახ და ძირითადად ტანსაცმლის გამოფენით (თითქოს პოდიუმზე იყვნენ) არიან დაკავებულები. ამის იქით არ მიდიან! ცხოვრებამ მე ბევრი მაგალითი მომცა, ვნახე პატიმრის გაჭირვებაც. ჩემი მთავარი მიზანი არის სამართალი ქმედებაში. რას ნიშნავს ეს? საქმეებს ჭირდება გამოძიება და არა საუბარი… მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი პროექტი მქონდა, მაგრამ არ იყო დაფინანსება და ვერ განვახორციელე.

_ ვინმეს წარუდგინეთ?

_ კი, მოიწონეს და ჩემი დაწერილი პროექტები სხვებმა გააჟღერეს ტელევიზიით.

_ მიისაკუთრეს?

_ დიახ, მაგრამ რომ მეთქვა ეს მე მომპარეს, ჩავთვალე რომ ბავშვური საქციელი იქნებოდა. რაც მთავარია, გააჟღერეს, მაგრამ არ განახორციელეს, ეს ძალიან სამწუხაროა.

_ ერთ კონკრეტულ საქმეზე დაგისვამთ კითხვას. დღეს ბევრს საუბრობენ სტურუას საქმეზე – ახალგაზრდა კაცმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე და თავის წერილში პოლიციის თანამშრომლებს დასდო დევნაში ბრალი.

_ ძალიან სამწუხარო ფაქტია. ამ საქმესთან დაკავშირებით კომენტარებს აკეთებს ყველა, მთავრობის წევრი იქნება ეს თუ მოქმედი პარლამენტარი და ყველას ეტყობა რომ საქმის კურსში არ არიან. საქმის დეტალები არ შეიძლება ყველამ იცოდეს, მაგრამ როცა გამოძიება არაა დასრულებული, არც შენ იცი დეტალები და აკეთებ კომენტარს, ეს არის არაპროფესიონალიზმის გამოვლინება. მეტსაც გეტყვით, ერთ-ერთ გადაცემაში გამომსვლელი ერთი პოლიტიკოსი, რომელიც არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატია ახლა, ამ თემაზე საუბრისას იცინოდა. რა უნდა ვთქვა ამის შემდეგ?! ახალგაზრდა კაცია გარდაცვლილი და პოლიტიკურად იყენებენ ამ ფაქტს, ეს არის ამაზრზენი. ან რა წესია გამოძიების დასრულებამდე დასკვნების გაჟღერება! ძალიან ცუდი ფონია გამოძიებისათვის მსგავსი მდგომარეობა, ისედაც შეშინებული პროკურორებით და გამომძიებლებითაა სავსე უწყება.

_ ვინ აწუხებთ რომ?

_ ეს ხალხი ყველა ძველი საქმეების შემქმნელები არიან, იმ საქმეებისა, რომელთა გადახედვასაც ვითხოვთ. ამ ოთხი წლის განმავლობაში ეს გამომძიებლები სულ სტრესში არიან, მათ ძალიან კარგად იციან დღეს თუ არავინ ინტერესდება მათ მიერ გამოძიებული საქმეებით, ხვალ აუცილებლად გამოჩნდება ვინმე ვინც პასუხს მოსთხოვთ, ამიტომ ცდილობენ ისინი ნაციონალები მობრუნდნენ, გახსოვთ თქვენ საბოტაჟის თემები. თავის მხრივ ნაციონალური მოძრაობა ცდილობს დროულად მობრუნდეს ხელისუფლებაში ეს კადრები რომ შეინარჩუნოს საგამოძიებო სტრუქტურაში. ეს ხალხი ისევ ნაციონალებისთვის იმუშავებენ, იგივე მდგომარეობაა სასამართლოშიც. მოსამართლეს, რომელსაც საქართველოს სახელით გამოაქვს განაჩენი და ამ ადამიანებს ერთმანეთს აპირისპირებენ, ასეთ ფონზე რომელ სამართლიანობაზე შეიძლება საუბარი? სახელმწიფო ხომ სამართლაინობაზე დგას!

_ არაფერი შეიცვალაო, ამბობთ და თუნდაც ის, რომ მე და თქვენ ახლა ციხის გარეთ ვსაუბრობთ, ცვლილება არაა?

_ მე ციხიდანაც ვლაპარაკობდი და ციხემდეც.

_ მახსოვს კი, თქვენ დააპატიმრეთ ეკა ხერხეულიძის ნახევარძმა, ნარკოტიკების გამო…

_ მიუხედავად დიდი ზეწოლისა, მთელი დაწესებულება, სადაც მე ვიხდიდი სასჯელს და მთელი სისტემა, მთელი ნაციონალური ბანდა, მხოლოდ იმაზე მუშაობდა, როგორმე დაედგინათ იმ პერიოდში „ალიაში“ მომუშავე ჟურნალისტ დარეჯან მეფარიშვილს, როგორ ვაძლევდი ინტერვიუს, როგორ ვახერხებდი ამას! ამდენად ჩემთვის ბრძოლა არც ახალია და არც უცხო! გასაგებია, ყველაფრისთვის დიდი მადლობა, რაც მოხდა 2012 წელს, მაგრამ…

_ არ გეჩვენებათ, რომ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა კი არ მოიგო არჩევნები, სააკაშვილმა წააგო იმ დოზით რა დოზითაც ეს აწყობდა? მაშინ ძალიან ცუდი ფონი იყო, ციხის კადრები, ხალხში ხელისუფლების მიმართ დაგროვილი აგრესია, სიძულვილი, ამიტომ მიშამ გაცლა არჩია და მეტიც, არ ფიქრობთ რომ ნაციონალური ხელისუფლების გარკვეულ წარმომადგენლებთან გარიგება იქნა „გაფორმებული“ ხელშეუხებლობის გარანტიით? ძალიან ბევრი ნაციონალი მოგვევლინა მეოცნებეთ, გამოცხადდა კოჰაბიტაცია და „გავარკვიეთ“ რომ თურმე „ნაციონალური პარტია მთავარი ოპოზიციური ძალაა“. მინდა ხაზგასმით გითხრათ, რომ პატრიამ, რომელსაც ივანიშვილი აქებდა და ადიდებდა გამოაცხადა კოჰაბიტაცია. დღეს რესპუბლიკელებმა და ივანიშვილმა ერთმანეთს ყველა ნაბიჯი გაუხსენეს გარდა კოჰაბიტაციისა და „მთავარი ოპოზიციური ძალისა“. არადა, ეს განცხადებები კოალიციაში მყოფმა პარტიულმა მუშაკებმა გააკეთეს. თუ ივანიშვილი მართავდა ყველაფერს, გამოდის ივანიშვილმა დაავალა თავისი კოალიციის წევრებს, მაგრამ ამის შესახებ არც რესპუბლიკელებს და არც ივანიშვილს ჯერ სიტყვა არ დასცდენიათ. ასეთ ფონზე პოლიტპატიმრების თემაც ერთგვარი სავაჭრო თემა იყო, გაგრძელება ხომ არ მოყოლია პოლიტპატიმრების საქმეებს…

_ არა, გაგრძელება არ მოყოლია. გაგრძელება კი არა ამ ადამიანების ბედითაც არავინ დაინტერესებულა გათავისუფლების შემდეგ.

_ ერთადერთი პოლიტპატიმარი ქალი ხართ, როგორ ფიქრობთ, რატომ არ დაინტერესდა ქართული ოცნება თქვენით?

_ არ დავმალავ, მე შევთავაზე საკუთარი თავი „ქართულ ოცნებას“, მაგრამ არანაირი გამოხმაურება არ მოყოლია. დღეს რომ „ოცნების“ სიას და მაჟორიტარობის კანდიდატებს გადავხედე, ვფიქრობ კარგია რომ მე მათ გვერდით არ ვარ წარმოდგენილი და ჩემი შეთავაზება არ განიხილეს. არის რამდენიმე კანდიდატი, რომელთა ოჯახის წევრები მე დავაპატიმრე და ისინი ლობირებდნენ დამნაშავეებს, ისინი იყვნენ ადეიშვილის დასაყრდენი ძალა, იმ პერიოდშიც პარლამენტში იყვნენ და მშვენივრად ართმევდნენ თავს ადეიშვილის დავალებების შესრულებას. მიუხედავად ჩემი მხრიდან ბიძინა ივანიშვილის მიმართ დიდი პატივისცემისა, ამ ადამიანების გვერდით ვერ დავდგებოდი და კიდევ ვიმეორებ, კიდევ კარგი ჩემი შეთავაზება არ განიხილეს.

_ მაინც არ მეტყვით და ამიტომ არ გკითხავთ ვის შეხვდით „ქართული ოცნებიდან“, უბრალოდ მაინტერესებს თქვენი წინადადება რომ განეხილათ და დაეკმაყოფილებინათ რას იზამდით?

_ იმ ადამიანების გვერდით ვინც არის წარმოდგენილი დღეს და ვის სესახებაც ზედაპირულად ვისაუბრე, ნამდვილად არ დავდგებოდი.  მე დღეს არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ, მაგრამ არჩევნებში წარმადგინა „ჩვენები – სახალხო პარტიამ“. შემოთავაზება მქონდა მამუკა გიორგაძისაგან, რომელსაც მე ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობიდან ვიცნობ, ვცადე ბედი.

_ როგორ გგონიათ გახვალთ?
_ ვნახოთ, არაფერი არაა გამორიცხული, მე ვიბრძოლებ. საბურთალო ჩემი სახლია, ჩემი ბავშვობა, ჩემი სიხარული თუ ტკივილი, ჩემი ცხოვრება.

_ ორი პოლიტპატიმარი იყრით კენჭს.

_ კი, მე და გოგიჩაიშვილი. საკმაოდ დიდი ხანი ვიბრძოდით ყველა ბარიკადზე და აქაც შევიდეთ ბრძოლაში, რა პრობლემაა? მერე რა რომ გოგიჩაიშვილი „ქართულმა ოცნებამ“ წარმოდგინა? ხალხი დაიბნევა? რატომ? ლევანს თავისი გვარ-სახელი აქვს, მე ჩემი! ალბათ მკითხავთ რას პირდები ამომრჩეველს. ეს სიტყვა „დაპირება“ არ მიყვარს! დაიღალა ამომრჩეველი ერთი და იგივეთი და მოლოდინით. ერთადერთი რასაც გავაკეთებ ვიცი რომ პარლამენტში ჩემი ამომრჩევლის ხმა ნამდვილად ვიქნები და ნამდვილად ვიბრძოლებ სამართლიანობისთვის, სამართლიანობა კი უმთარვესია. ადამიანები თავს დაცულად მხოლოდ სამართლაინობის პირობებში იგრძნობენ. ცოტა ხნის წინ გაკეთდა განცხადება რომ დაიწყეს რამდენიმე საქმის გამოძიება, ეს არის დროის გაყვანა, არ ექნება შედეგი. რატომ? იმავე მიზეზებით რაზედაც ზემოთ მოგახსენეთ.

_ გასაგებია. რა იყო ამ ოთხ წელიწადში კარგი და რა შეიძლება ყოფილიყო უკეთესად?

_ ბევრი კარგი იყო, ძალიან ბევრი, მაგრამ უმთავრესია ის რომ ადამიანმა ადამიანად იგრძნო თავი. ეს არის უმთავრესი! ჩემთვის ყველაზე ცუდია ის, რომ ნაციონალები და მათი ჯალათები ისევ გრძნობენ თავს მშვიდად და ბედავენ არჩევნებშიც მიიღონ მონაწილეობა, გააკრიტიკონ ხელისუფლება, დასცინონ ხალხს. ისტორია გამოაჩენს ვინ მისცა ამ ხალხს ამდენის უფლება, დრო თავისას იტყვის და ეს დრო არ იმუშავებს ნაციონალების სასარგებლოდ თუ ჩვენ ვიქნებით მზად იმისათვის, რომ აიკრძალოს ნაციონალური მოძრაობა. მე მზად ვარ ნაციონალური მოძრაობის ასაკრძალად ვიბრძოლო! სამწუხაროა რომ ეს ოთხი წელი არ გამოიყენეს იმისათვის, რომ მომზადებულიყო საკანონმდებლო ბაზა, ახლა გამოდის ისე, რომ „ოცნებამ“ იმუშავა ნაციონალების გადასარჩენად, რაც ძალიან სამწუხაროა. ახლაც დაუკვირდით საარჩევნო ე.წ. მარათონს, თითქოს სხვა პარტიები არ არსებობდნენ, სპეციალურად გვესმის ყველგან, ყველა ვითარებაში რომ არის ორი ძალა. მე კიდევ გეუბნებით თქვენ, ეს არის ერთი ძალა!!

ესაუბრა გოჩა კალანდაძე

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობიდან” მარტვილი-აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატის მეუღლეს სასამართლომ ქვეყნიდან გაუსვლელობა შეუფარდა
შემდეგი სტატიაქართული სამხედრო ავიაცია 24 წლის გახდა