კახა მიქაია: ოცნების ხელისუფლება სააკაშვილს სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლად გამოაცხადებს

გიხაროდენ!!!

გასულ კვირას, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, მეუფე პეტრეს მიერ ნაცჯალათი ახალაიებისათვის „ოსანას“ აღვლენამ სამართლიანად განარისხა პატიოსანი საქართველო, რომელსაც არასოდეს დაავიწყდება სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმისა და მისი ერთ-ერთი ყველაზე მახინჯი „ჰიპოსტასის“ — ახალაიების კლანის — წრეგადასული სისასტიკე. ჭყონდიდელი მიტროპოლიტის ინტერვიუს ზუგდიდიდან ეხმაურება საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი კახა მიქაია, რომელიც „დონ პეტრედ“ წოდებულ მაღალ სასულიერო იერარქს ახალაიებთან მჭიდრო კავშირში წლების განმავლობაში ამხელდა:

 

— ამ მძიმე მარხვის დღეებში ნამდვილად არ მსურდა, სასულიერო პირის უღირსობაზე მესაუბრა, მითუმეტეს, რომ მეუფე პეტრეს „საგმირო საქმეების“ შესახებ წლების განმავლობაში ბევრი მაქვს ნათქვამი და დაწერილი, მაგრამ „იმედის“ ეთერში ჭყონდიდელი ეპისკოპოსის გამოსვლამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. პირდაპირ გეუბნებით — რაც ეკა ხოფერიას გადაცემაში მოვისმინეთ, ეს იყო „დონ პეტრეს“ აღიარებითი ჩვენება!

— კონკრეტულად მაინც რას თვლით მეუფე პეტრეს „აღიარებით ჩვენებად“?

— მეუფე პეტრემ თავისი პირით დაადასტურა ყველაფერი, რაც კი მის შესახებ თქვენი გაზეთისათვის მოცემულ ინტერვიუებში მითქვამს. სახტად დავრჩი, როცა მან სატელევიზიო ეთერიდან, ასე ღიად და საქვეყნოდ უზომო სითბო და სიყვარული გადმოაფრქვია საქართველოს გამაუბედურებელი, სამეგრელოს გამაუპატიურებელი ახალაიების მიმართ. ამით „დონ პეტრემ“ ყველას ერთად დაგვიდასტურა, რომ ცამდე მართლები ვიყავით, როცა მას ახალაიების მეკავშირესა და „გამპრავებელს“ ვუწოდებდით!

— არადა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მართლა გადაჭარბებული ეგონა ის, რაც მეუფე პეტრესა და ახალაიების ურთიერთობაზე პრესაში, მათ შორის, „ასავალ-დასავალის“ ფურცლებზე იწერებოდა!

— „იმედის“ ეთერში მეუფე პეტრემ ისიც კი აღიარა, რომ ახალაიების მიერ დაპატიმრებულ ხალხს საპროცესო გარიგებებს „უგვარებდა“!

საერთოდ, პეტრემ ხოფერიას გადაცემაში ისეთი რაღაცები ილაპარაკა, მთავარი პროკურატურაც კი ვერ ინატრებდა მისგან უფრო ამომწურავ ჩვენებას.

უბედურება ის არის, რომ ჩვენი საზოგადოება, განსაკუთრებით სამეგრელოს მოსახლეობა, ამ უმსგავსობას წლების განმავლობაში ითმენდა, მიუხედავად იმისა, რომ დიდმა და პატარამ იცოდა, ვინ იყვნენ ახალაიები და რა კავშირში იყო მათთან მეუფე პეტრე.

ისე, მეუფე პეტრეს ეს ინტერვიუ „რუსთავი-2“-ის ეთერში რომ გასულიყო, არ გამიკვირდებოდა, მაგრამ ჩემთვის გამაოგნებელია, როცა „დონ პეტრეს“ „იმედის“ ეთერში უწყობენ ბენეფისს, ამხელა პიარს უკეთებენ და წმინდა მამად გამოჰყავთ კაცი, რომელიც ჯალათი ახალაიების ქება-დიდებასაც კი არ ერიდება!

— მეუფე პეტრემ ისიც განაცხადა, ახალაიების ოჯახი სააკაშვილის ხელისუფლების შიდა ინტრიგების მსხვერპლიაო!

— ამ ბოლო დროს ერთი საოცარი ტენდენცია შეინიშნება — თითქოს ყველა მართალი იყო, მხოლოდ სააკაშვილი აშავებდა და მთელი ნაცხროვა მისი მსხვერპლი გახდა! გადახედეთ, მურუსიძით დაწყებული, რამდენ ბობოლა ნაცზე თქვა „ოცნების“ ხელისუფლებამ, ესენი პატიოსანი ხალხია, უბრალოდ, სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი იყვნენო. აგერ, ახლა, „იმედის“ ეთერიდან ისიც მოვისმინეთ, რომ, თურმე, ახალაიების ოჯახიც მსხვერპლი ყოფილა. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ხელისუფლებამ ბოლოს სააკაშვილიც „სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლად“ გამოაცხადოს და ყველა უბედურება, რაც საქართველოში 9 წლის განმავლობაში მოხდა, ვიღაც „შავ კაცს“ გადააბრალოს!

დიახ, ვინც სააკაშვილის ბინძურ რეჟიმს ემსახურებოდა, დღეს თითქმის ყველა „ქართული ოცნების“ წამყვან პოზიციებზეა გამწესებული და ამ ხელისუფლებისაგან პირადად მე აღარაფერი გამიკვირდება, ჩემო კარგო!

— სააკაშვილის რეჟიმის დროს პატრიარქმა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი როლანდ ახალაია წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა. როგორ ფიქრობთ, ეს მეუფე პეტრეს მიერ ხომ არ იყო „ჩაწყობილი“?

— პირდაპირ გეუბნებით, რომ ამას გამოვრიცხავ, რადგან პატრიარქი ნამდვილად არ არის ის ადამიანი, რომელიც მეუფე პეტრეს ან ნებისმიერი სხვა პირის „ჩაწყობით“ ვინმეს დააჯილდოვებს. არც იმის მჯერა, რომ პატრიარქი შეცდომაში შეიყვანეს და ამიტომ გადასცა ახალაიას წმინდა გიორგის ორდენი. ვინც ამას ამბობს, ის თავად პატრიარქს აყენებს შეურაცხყოფას.

— მაშ, რატომ მიიღო როლანდ ახალაიამ უმაღლესი საეკლესიო ჯილდო?

— ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ — ჩემი აზრით, პატრიარქის მიერ როლანდ ახალაიას დაჯილდოება იმას ემსახურებოდა, რომ მის უწმინდესობას ახალაიების კლანი სიკეთისკენ შემოებრუნებინა და არა სააკაშვილის, არამედ ქვეყნის სამსახურში ჩაეყენებინა! დიახ, დარწმუნებული ვარ, ილია მეორეს სწორედ ეს განზრახვა ჰქონდა, მაგრამ ახალაიების კლანი იმდენად ბოროტი ძალა იყო, მათი მორჯულება ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ბრძენ საჭეთმპყრობელსაც კი არ გამოუვიდა!

— ამბობენ, რომ მეუფე პეტრეს დღესაც ინტენსიური კავშირი აქვს საზღვარგარეთ გაქცეულ დათა ახალაიასთან, რომელსაც ქართული მართლმსაჯულება ეძებს. ამაზე რას იტყვით?

— ჯერ კიდევ 3-4 წლის წინათ პირველად სწორედ მე განვაცხადე თქვენთან ინტერვიუში, რომ ახალაიებსა და მეგის ქარდავას საზღვარგარეთ გაქცევაში მეუფე პეტრე დაეხმარა. ამ ჯალათებს „დონ პეტრე“ გარკვეული ხნის განმავლობაში სალხინოში, თავის რეზიდენციაში მალავდა და თუ აქამდე ამაში ვინმეს ეჭვი შეჰქონდა, ვფიქრობ, „იმედის“ ეთერში პეტრეს აღიარებითი ჩვენების შემდეგ კითხვის ნიშნები აღარავის დარჩება!

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

“ასავალ-დასავალი”

 

https://youtu.be/Jtfj42g7KPA

banner
წინა სტატიაშიგელა ხვედელიძეს სამართალდამცველები კითხავენ
შემდეგი სტატიაძველ თბილისში ევაკუაცია გამოცხადდა – მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ბომბს ეძებენ