შალვა შავგულიძე: პროკურატურა პოლიტიზირებული რჩება

“პროკურატურის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები სისტემის დეპოლიტიზირების მიზანს არ პასუხობს – რჩება პოლიტიზირებული პროკურატურა, – ასეთ შეფასებას “პროკურატურის შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი შალვა შავგულიძე აკეთებს.
როგორც დეპუტატმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვისას განაცხადა, ცვლილებები მოჩვენებითი და ფორმალურია.
შავგულიძისთვის მიუღებელია, რომ შეთავაზებული მოდელის მიხედვით, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე პირის ნომინირებას იუსტიციის მინისტრი ახდენს. დეპუტატმა ყურადღება ვენეციის კომისიის დასკვნაზე გაამახვილა და როგორც აღნიშნა, დასკვნის თანახმად, არ შეიძლება მთავარი პროკურორის კანდიდატურის ნომინირებას ისევ მმართველი პოლიტიკური ძალის, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი – იუსტიციის მინისტრი ახდენდეს.
“ვენეციის კომისიის დასკვნაში გამოთქმულია სურვილი, რომ ასეთი ნომინირების შემთხვევაში, გაიმართოს კონსულტაცია არასამთავრობო სექტორთან და პროფესიონალებთან და მათგან შეთავაზებული კანდიდატურის წარდგენა მოხდეს. ამ პროცესში საპროკურორო საბჭო შედარებით ნათელი წერტილია, მაგრამ საბჭოს შემდეგ კანდიდატურა მთავრობაში მიდის, სადაც მმართველი ძალის პოლიტიკური კონტროლი 100%-იანია და შემდეგ კანდიდატურა შემოდის პარლამენტში, სადაც მისი მოწონება უმრავლესობის ხმებით ხდება. სხვა ძალა გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ ახდენს”, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.
“პროკურატურის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები პროკურატურის სისტემის რეფორმირებას ითვალისწინებს. მისი დამტკიცების შემთხვევაში, სრულიად ახალი წესით მოხდება მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება. პროექტის მიხედვით, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნაში ჩართული იქნება ე.წ. საპროკურორო საბჭო, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება.
იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა. პირველი მოსმენითვე მისი სესიაზე გატანა იგეგმება.

banner
წინა სტატიაშიარა უშავს, ბატონებო! მე თქვენ ყველას მოგკითხავთ პასუხს!..
შემდეგი სტატიამოწმის განცხადებით, ირაკლი ფირცხალავა და კახა ნაკანი მას ცრუ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ