ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები” თავდაცვის მინისტრს პარლამენტში იბარებენ. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები მინისტრს გამბედაობისკენ მოუწოდებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ ის პარლამენტში მივა.
“თავისუფალ დემოკრატებს” თავდაცვის მინისტრთან კითხვები ე.წ. კაბელების საქმეზე აქვთ.
“მე მაინტერესებს იმ 5 უდანაშაულო ადამიანის ბედი, რომლებიც ვიღაცის სურვილის გამო ციხეში იმყოფებიან. მე ძალიან მიკვირს, რომ მინდია ჯანელიძე ამ ამბით არ ინტერესდება. აქ პროფესიული და ადამიანური მომენტებია,”- განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
მმართველი კოალიცია კი მინდია ჯანელიძის პარლამენტში დაბარებას არ აპირებს. “ქართულ ოცნებაში” ოპოზიციის ბრალდებებს და მოსაზრებებს არ ითვალისწინებენ.
განცხადებები ოპოზიციის ბრალდებებზე ეკა ბესელიამ და ზვიად კვაჭანტირაძემ გააკეთეს.
მმართველი კოალიციის წარმომადგენლები კმაყოფილები არიან თავდაცვის სამინისტროსა და მინისტრის საქმიანობით.
“მე ვერ გავიზიარებ გიგა ბოკერიასა და გიგი თარგამაძის განცხადებებს. მათთვის სანიმუშო სტანდარტი იყო ბაჩანა ახალაია და მე ამას ვერ გავიზიარებ. მე პირადად ვფიქრობ, რომ მინისტრი დაკისრებულ ვალდებულებებს თავს კარგად ართმევს,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.
დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე მიესალმება თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესებს და აცხადებს, რომ მას მინისტრთან კითხვები არ აქვს.