ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერობისთვის იბრძოლებს!

ზუგდიდი კვლავ ყურადღების ცენტრშია. ამ პატარა ქალაქის მერის რიგგარეშე არჩევნები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც ოპოზიციისთვის, ასევე ხელისუფლებისთვის. ყველა ხვდება, რომ ზუგდიდში ჩატარებული არჩევნები საპარლამენტო არჩევნების ერთგვარი რეპეტიციაც იქნება და ამიტომ, ერიც და ბერიც, სამეგრელოს გულს არის მიჩერებული.
მმართველმა პარტიამ და მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ -“გაერთიანებულმა ოპოზიციამ” უკვე დაასახელეს კანდიდატურები.
“გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატი, სანდრა რულოვსი, გუშინ, 3 აპრილს, ოფიციალურად გახდა ზუგდიდელი.
კერძოდ, ზუგდიდის მერობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა სანდრა-ელისაბედ რულოვსმა ზუგდიდის იუსტიციის სახლში საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაცია გაიარა.
– ჩამოვედი ზუგდიდში, ვიცხოვრებ აქ, რომ დავეხმარო ზუგდიდელებს და ერთად გადავჭრათ პრობლემები. ვიქნები ჩემს ზუგდიდელებთან ერთად, -განაცხადა საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ.
მმართველი პარტია, როგორც იქნა, ჩამოყალიბდა მერობის კანდიდატთან. არადა იყო საფრთხე, რომ 2 აპრილს კიდევ ერთხელ გამოცვლიდნენ კანდიდატურას.
კანდიდატურის შეცვლა დღის წესრიგში ზუგდიდის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის, ანი წითლიძის განცხადებას მოჰყვა.
საკრებულოს წევრი ამბობს, რომ “ოცნების” მერობის კანდიდატს 500.000 ლარის ვალი აქვს. ეს ინფორმაცია ხელისუფლებისთვის ისედაც ცნობილი იყო, მაგრამ გამწარდნენ, როცა ეს ყველამ გაიგო. მის შეცვლასაც კი ფიქრობდნენ. შემცვლელი ვერ მოძებნეს და ისევ შენგელია დატოვეს.
მედიას კი დეზინფორმაციის გავრცელებაში დასდეს ბრალი -მერობის კანდიდატს 500.000 კი არა, 450.000 ვალი აქვსო.
არადა, ხელისუფლება მერობის კანდიდატის გამოცვლას ვალების ამბის გარეშეც აპირებდა და შენგელიას ნაცვლად ზვიად სიჭინავას წარდგენა სურდა.
როგორც “ახალ თაობას” “ოცნებასთან” დაახლოებულმა წყარომ უამბო, მმართველმა პარტიამ რეიტინგი ჩაატარა, სადაც სიჭინავა ლიდერობდა. სიჭინავა რომ “ოცნების”  შესაძლო კანდიდატი იყო, ამის შესახებ “ახალი თაობა” რამდენიმე კვირის წინაც წერდა.
სიჭინავას ბედი მისმა წარსულმა გადაწყვიტა. ეს ადამიანი რუსეთიდან სააკაშვილის დროს ჩამოიყვანეს. სააკაშვილის კურთხევითვე გახდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. “ოცნების” მამებმა ჩათვალეს, რომ ეს პარტიისთვის კარგს არ მოიტანდა, რადგანაც მათ ისედაც ნაციონალებთან შეკრულებს ეძახდნენ.
ამის გამო სიჭინავას მმართველმა პარტიამ წითელი ბარათი უჩვენა. საბოლოო გადაწყვეტილებამდე ის შს მინისტრ გიორგი გახარიასაც შეხვდა. როგორც “ოცნებასთან” დაახლოებული წყარო ყვება, სიჭინავამ შს მინისტრს უთხრა, რომ საარჩევნო კამპანიას ის თავად დააფინანსებდა.
ჩვენი წყარო ამტკიცებს, რომ გახარია მას დახმარებას დაჰპირდა და უთხრა, რომ “ოცნება” მას ხელს არ შეუშლიდა. ზუგდიდში ამბობენ, რომ სიჭინავა მმართველი პარტიის კანდიდატს ხმებს წაართმევს.
ზუგდიდელები არ გამორიცხავენ, რომ მმართველი პარტია სიჭინავას გამარჯვებაში დაეხმარება, მაგრამ ოფიციალურად სხვა ეყოლება დასახელებული.
მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა გეგა შენგელიას კანდიდატურა დაასახელა, სიჭინავაზე ხმა-კრინტი არ ისმოდა. ისიც კი თქვეს, უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზეო.
ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად “ახალი თაობა” სიჭინავას დაუკავშირდა. მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ის არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს და დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება.

შორენა მარსაგიშვილი

“ახალი თაობა”

banner
წინა სტატიაში2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე პოლიციამ 12 კილოგრამი „ჰეროინი“ ამოიღო
შემდეგი სტატიაფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა